
დღეს მთელი ისრაელი სუნთქვა შეკრული და განადგურებულია. ქვეყანამ ტერორისტებისგან 4 მძევლის ცხედარი მიიღო. მათ შორის ქფირის, არიელისა და შირ ბიბასების. დედა და მისი ორი პატარა შვილი ბარბაროსმა ტერორისტებმა ღაზაში მოკლეს. როგორც ამბობენ, ბავშვები ტიროდნენ, ტერორისტებს კი შეეშინდათ, რომ ხმაზე ცაჰალის ჯარისკაცები იპოვნიდნენ და პატარები დახოცეს.
ცხედრებს ამ დრომდე ტყვედ ინახავდნენ. ახლა კი გაცვლის პირველი ფაზის ფარგლებში გაათავისუფლეს.

ცხედრების წითელი ჯვრისთვის გადაცემის პროცედურა დილით ხან იუნესის გარეუბანში გაიმართა. სცენა დაიდგა, სადაც ჰამასმა მძევლების კუბოებით ცინიკური, ბინძური „შოუ“ მოაწყო. მას ესწრებოდნენ ღაზელი ე.წ. მშვიდობიანებიც. სცენაზე დახოცილების ფოტოები იყო, მათ ზემოთ კი პრემიერ მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, სისხლისმსმელი ვამპირის გამოსახულება.

ბიბასების ოჯახი კიბუც ნირ ოზიდან 2023 წლის 7 ოქტომბერს გაიტაცეს. კადრებში ჩანს არა მხოლოდ შირისა და მისი შვილების გატაცება, არამედ ტერორისტების მიერ ბავშვების მამის – იარდენის ცემაც. იარდენისა და შირი ბიბასების წითური შვილები მძევლების განთავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლოებად იქცნენ.კფირი გაიტაცეს, როდესაც ის 9 თვის იყო. არიელი 4 წლის.

ბავშვების მამა იარდენ ბიბასი გაათავისუფლეს 2025 წლის 1 თებერვალს, ორ სხვა ტყვესთან, შმუელ სიგალთან და ოფერ კალდერონთან ერთად, რომლებსაც ჰამასი ღაზის სექტორში 484 დღის განმავლობაში ატყვევებდა. ერთი კვირის წინ იარდენი საავადმყოფოდან გაწერეს, მას მისი მეუღლე და შვილები ამ დრომდე ცოცხლები ეგონა.

ბიბასების გარდა, დღეს ასევე დააბრუნეს, ოდედ ლიფშიცის ცხედარიც. ისიც ასევე გატაცებული იყო კიბუციდან ნირ ოზიდან, მძევლებს შორის ერთ-ერთი უხუცესი იყო. 82 წლის. ტყვეობაში კი 84 წლის გახდა. ოდედი იყო მშვიდობის მაგალითი. მისი ცხოვრება განასახიერებდა იდეებს, რომლებისაც მას სჯეროდა: ეს იყო – სხვების დახმარება, სამართლიანობისკენ სწრაფვა და სიძულვილის უარყოფა.

მან მოაწყო სამშვიდობო კონფერენციები და ავადმყოფი ბავშვები ღაზიდან ისრაელის საავადმყოფოებში ჩაიყვანა. აგროვებდა დახმარებებს და ღაზაში მოსხლოებისთვის გზავნიდა. ეხმარებოდა ღაზელებს. მათ კი მადლობა ასე გადაუხადეს! გაიტაცეს და წამებით მოკლეს.

ცხედრები ექსპერტიზაზე გადაიყვანეს. საფუძვლიანი შესწავლის შემდეგ მათ ოჯახებს გადასცემენ და დასაფლავების ცერემონია გაიმართება. მომდევნო დღეები ისრაელელებისთვის უმძიმესია. შეიძლება ითქვას, 2023 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ ერთ.ერთი ყველაზე შავი და შოკისმომგვრელი.