
ალიზა მაგენი, ისრაელის სადაზვერვო საზოგადოების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და მაღალი თანამდებობის პირი, დღეს, 14 აპრილს 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. მაგენი, მეტსახელად „ჩრდილის ქალი“, დაახლოებით 40 წლის განმავლობაში მსახურობდა დაზვერვისა და სპეციალური ოპერაციების ინსტიტუტში და იყო პირველი და ერთადერთი ქალი, რომელმაც ორგანიზაციის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობა დაიკავა.

მაგენი დაიბადა იერუსალიმში 1937 წელს, ებრაულ ოჯახში, რომლებიც ნაცისტების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გერმანიიდან ემიგრირდნენ. 23 წლის ასაკში ის „მოსადში“ სამსახურში დაიქირავეს და პირველი თანამდებობა აიხმანის სასამართლო პროცესზე დაიკავა, სადაც გერმანული ენის ცოდნის წყალობით ანგარიშებს ამზადებდა. ანგარიშებს თანდართულმა პირადმა ჩანაწერებმა შთაბეჭდილება მოახდინა „მოსადის“ მაშინდელ ხელმძღვანელზე, ისერ ჰარელზე, რომელმაც მისი დაწინაურება გადაწყვიტა.
ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში ქალმა მონაწილეობა მიიღო უაღრესად მგრძნობიარე და დრამატულ ოპერაციებში. ის მონაწილეობდა 1960-იან წლებში ეგვიპტის დამხმარე გერმანელი მეცნიერების წინააღმდეგ მიმართულ საქმიანობაში, გაგზავნეს მისიით ავსტრიაში და მონაწილეობდა ოპერაცია „ალმასში“, რომლის ფარგლებშიც ერაყელი პილოტი დაიქირავა, რომელიც გატაცებული სამხედრო თვითმფრინავით, მიგ-21-ით ისრაელში გადავიდა – რაც მნიშვნელოვანი წვლილი იყო ისრაელის საჰაერო ძალების თავდაცვით შესაძლებლობებში.

მაგენი 1990-1999 წლებში მოსადის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა, მოსადის სამი სხვადასხვა ხელმძღვანელის: შაბტაი შავიტის, ეფრაიმ ჰალევის და დენი იატომის ხელმძღვანელობით.
ერთ-ერთი ქმედება, რომელიც მას ყველაზე მეტად უკავშირდება, არის მისი მონაწილეობა ოპერაცია „ღვთის რისხვაში“, რომლის დროსაც ლიკვიდირებულნი იქნენ ტერორისტები, რომლებიც პასუხისმგებელნი იყვნენ 1972 წლის მიუნხენის ოლიმპიურ თამაშებზე ისრაელელი სპორტსმენების ხოცვა-ჟლეტაზე. კარიერის განმავლობაში იგი მსახურობდა სხვადასხვა საველე და სამეთაურო თანამდებობებზე ისრაელსა და მის ფარგლებს გარეთ და „მოსადის“ თანამშრომლების თაობებისთვის საგანმანათლებლო და გავლენიან ფიგურად ითვლებოდა.

ექვსი წლის წინ ისრაელის ტელეარხ Kan 11-ის გადაცემა „Zman Emet“-თან იშვიათ ინტერვიუში მაგენმა გულახდილად ისაუბრა თავის საქმიანობაზე: „ჩვენ არასდროს ვაიძულებთ ისრაელელ ქალებს საწოლში ჩაწევეს არაბი აგენტის გადმოსაბირებლად “, – თქვა მან. „მე სხვა საშუალებები გამოვიყენე, და ეს არა. მე ჩემი თავი(ტვინი) გამოვიყენე.“ როდესაც ჰკითხეს, თუ როგორ უნდა გადმოებირებინა აგენტი, მან უპასუხა: „თქვენ მის შესწავლას იწყებთ: ამოწმებთ სუსტ მხარეებს: ფინანსურ სირთულეებს, პირადად იმედგაცრუებულ ადამიანს, პრობლემას ცოლთან ან ქმართან. ცდილობთ კონტაქტის დამყარებას კაფეში, სასტუმროში, ცოტას ესაუბრებით, ჩაითრევთ მას და შემდეგ ამყარებთ კონტაქტს“.
მაგენი მრავალი წლის განმავლობაში „მოსადის“ ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა იყო. ის „მოსადიდან“ 1999 წელს გადადგა. მისი იმიჯი ისრაელის დაზვერვის ერთ-ერთ დიზაინერად დარჩება. ქალს მეუღლე აბრაამი, 2011 წელს გარდაეცვალა. წყვილს შვილები არ ჰყოლია.