„შიდაპოლიტიკური განხეთქილება, რომელიც უკვე რამდენიმე წელია, უარესდება და პოლიტიკური კურსის არაპროგნოზირებადობა საკმაოდ მნიშვნელოვან დაბრკოლებას წარმოადგენს ევროკავშირში შემდგომი ინტეგრაციისთვის“, _ აცხადებს „ქრონიკა+“-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ევროდეპუტატი მარკეტა გრეგოროვა.

ჩეხი ევროპარლამენტარი საქართველოს მჭიდრო მეგობარი და, შეიძლება ითქვას, ლობისტია ევროპაში. ის საქართველოს ევროპულ გზას  აქტიურად უჭერს მხარს. თუმცა დღეს ჩვენს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ფონით შეშფოთებულია და მწვავე განცხადებებსაც აკეთებს.

ევროდეპუტატი ზურაბიშვილის ევროპულ ტურნესა და „ოცნების“ მესიჯბოქსებზეც საუბრობს. ამასთან, გრეგოროვა  ცალსახად ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური კურსი მუდმივად შორდება ევროპას და  მიდის რუსეთისკენ.

„ქართული ოცნების“ ზოგიერთი პოლიტიკოსი ცდილობს, სოლი ჩააგდოს საქართველოს მოქალაქეების პროევროპულ განწყობებში. ისინი მიზანმიმართულად პოლარიზებენ საზოგადოებას და ქმნიან კონფლიქტებს“, _ გვეუბნება გრეგოროვა.

ევროპელი პოლიტიკოსი სააკაშვილის ქეისსაც ეხმაურება. ამბობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა შემაშფოთებელი და კრიტიკული საკითხია ევროკავშირისთვის.

რა უნდა ქნას საქართველომ, რომ ჩვენი ქვეყანა დასავლური ოჯახის წევრი გახდეს? _ ამ და სხვა თემების შესახებ „ქრონიკა+“ ევროპელ პარლამენტარს ესაუბრება:

ქალბატონო მარკეტა, სულ ცოტა ხნის წინ საქართველოს პრეზიდენტმა ევროპული ტური გამართა. რამდენად მნიშვნელოვანია ზურაბიშვილის ეს შეხვედრები?

მისი ევროპული ტურნე მნიშვნელოვანია. ევროპულ ქვეყნებს შორის საქართველოს დაწინაურებას სტრატეგიული როლი აქვს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილებამდე. მეტიც, ევროპისთვის პრეზიდენტ ზურაბიშვილის ტური არის ნიშანი იმისა, რომ საქართველო კვლავ დაინტერესებულია და სურს დარჩეს ევროპულ გზაზე, გაუძლოს იმ პოლიტიკურ კრიზისს, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს. პოლიტიკური განხეთქილება არის მნიშვნელოვანი დაბრკოლება, ამისთვის საჭიროა, საქართველომ აჩვენოს ევროკავშირს, რომ მას კვლავ სურს გაწევრიანება და ისწრაფვის შემდგომი პროგრესისკენ. ამასთან, მისი ვიზიტების შესახებ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ჩვენს შიდა მედიაში გაშუქებული მასალებიც შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოს თვითრეკლამისთვის.

ზურაბიშვილის ვიზიტს საქართველოს მთავრობა გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მას ავტორიზაცია არ მისცეს და ამ შეხვედრებს არანაირი ძალა არ ექნება. რა კომენტარს გააკეთებდით საქართველოს ხელისუფლების ამ განცხადებაზე?

ეს ფაქტი ძალიან არასაჭირო, სამწუხარო და ალოგიკურად მიმაჩნია. თუ ხელისუფლება აცხადებს, რომ სურს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და არის პროევროპული, მაშინ ეს არ უნდა იყოს პრობლემა. ევროპული ტური ახლა აუცილებელია და განაცხადს სანდოობას შეჰმატებს. თუ ხელისუფლებას მხოლოდ პროევროპული ხმების მოპოვება სურს, მაგრამ პროევროპული გზის გადაკეტვა უნდა, მაშინ ის არ არის პატიოსანი საკუთარ ამომრჩეველთან.

ამ განცხადებიდან ცოტა ხანში „ოცნების“ მთავრობა ზურაბიშვილის იმპიჩმენტზე ალაპარაკდა. ახლა რამდენად ცუდი ჟესტია ეს ქართულ-ევროპულ გზაზე?

მიმაჩნია, რომ ის, რაც ხდება, აბსოლუტურად გადაჭარბებულია. კობახიძის განცხადებით, მიზეზი არის ის, რომ „საქართველოს ხელისუფლებას აქვს სახელმწიფოს გაძლიერების მიზანი, მათ შორის, საგარეო პოზიციების გაძლიერება და პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპირისპირო ინტერესებით მოქმედებს“. ამ შემთხვევაში უტყუარია, რომ „ქართული ოცნებისა“ და ბატონი კობახიძის ინტერესი ევროპული გზა არ არის. მთელი ვითარება კიდევ ერთხელ ასახავს შიდაპოლიტიკურ განხეთქილებას, რომელიც უკვე რამდენიმე წელია, უარესდება და პოლიტიკურ კურსს არაპროგნოზირებადს ხდის, რაც საკმაოდ მნიშვნელოვან დაბრკოლებას წარმოადგენს ევროკავშირში შემდგომი ინტეგრაციისთვის.

ზოგადად, როგორ შეაფასებთ „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ კურსს? ის რადიკალურად ხომ არ  დაშორდა ევროპის ორბიტას და მიექანება რუსეთისკენ?

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური კურსი მუდმივად შორდება ევროპას, თუ ის მიდის რუსეთისკენ შეგნებულად და ნებაყოფლობით, ეს არ ვიცი. მაგრამ, სამწუხაროდ, ის ნამდვილად არ შორდება რუსეთს.

როგორ ფიქრობთ, რატომ აკეთებს „ქართული ოცნება“ ასეთ არაევროპულ განცხადებებს? ამ ყველაფერს სპეციალურად და გამიზნულად ხომ არ შვრებინ?

ჩემი აზრით, „ქართული ოცნების“ ზოგიერთი პოლიტიკოსი ცდილობს, გახლიჩოს საქართველოს მოქალაქეების პროევროპული განწყობები. ისინი მიზანმიმართულად პოლარიზებენ საზოგადოებას და ქმნიან კონფლიქტებს. სულ უფრო აშკარა ხდება, რომ პარტია შორდება ევროპას, არა მხოლოდ პრეზიდენტის ევროპულ ტურთან დამოკიდებულებით, არამედ სხვა ქმედებებით, როგორიცაა ევროპარლამენტის დეპუტატების ბოროტი სიტყვით მოხსენიება, რუსეთთან პირდაპირი ავიარეისის ხელახლა გახსნა მოქმედი პირობებით; ცრუ განცხადებების გავრცელება უკრაინაში ომის შესახებ და ის ნარატივი, რომ თითქოს ევროკავშირი მოითხოვდა საქართველოს აქტიურ ომში შესვლას რუსეთთან და სხვ.

ამ რთულ პოლიტიკურ ფონზე რამდენად ემუქრება საქართველოს ევროპულ მომავალს საფრთხე?  რამდენად საიმედოა თქვენი პროგნოზები?

რამის წინასწარმეტყველება საკმაოდ რთულია. შესაძლოა, შემდგომი სტაგნაცია შეგვექმნას ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებში. ამჟამად საქართველო საკმაოდ რთული შიდაპოლიტიკური განხეთქილების წინაშე დგას, რაც ნაწილობრივ არის საზოგადოებაში არსებული პოლარიზაციის მიზეზი. მომავალი დამოკიდებული იქნება არჩევნებზე და პოლიტიკოსების მზადყოფნაზე, იმუშაონ კონსტრუქციულად და არა დესტრუქციულად. საბოლოო ჯამში, კანდიდატურის სტატუსი არ არის ჯადოსნური გამოსავალი. პოლიტიკური ელიტისა და მოქალაქეების გადასაწყვეტია, თუ საით წარმართავენ საქართველოს კურსს.

რას ურჩევთ ხელისუფლებას?

რაც შეეხება მმართველ პარტიას, მიზანშეწონილი იქნებოდა პოლიტიკური სცენის სტაბილიზაცია და საშინაო და საგარეო პოლიტიკის გაერთიანებაზე ორიენტირება. ამავდროულად, მიზანშეწონილია, შეწყდეს დეზინფორმაციის გავრცელება და მოსახლეობის პოლარიზაცია, რაც არა მხოლოდ ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს, არამედ ოპოზიციამ და პოლიტიკურმა ელიტებმაც.

რას ურჩევთ ქართველ ხალხს, იმ ხალხს, ვისაც ევროკავშირი და ევროპა უნდა, გაქვთ რამე სახის მიმართვა ან რეკომენდაცია მის მიმართ?

მიეცით ხმა თქვენი ღირებულებების მიხედვით და გადაამოწმეთ, არის თუ არა პოლიტიკური პარტია ნამდვილად ის, რასაც ამბობს. ჩაერთეთ პოლიტიკურ ცხოვრებაში, წადით არჩევნებზე. ნუ შეგეგეშინდებათ და არ იფიქროთ, რომ ევროკავშირისკენ მიმავალი გზა ქრება.

რას ფიქრობთ უკრაინის ომზე, რა მოლოდინებია უახლოეს პერიოდში და რა გავლენას ახდენს ეს ომი საქართველოს მომავალზე?

შემოდგომიდან ზამთრამდე შეიძლება ველოდოთ უკრაინული კონტრშეტევის გაგრძელებას. ჩვენ ველით თავდასხმებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე სტრატეგიულ ობიექტებზე, მათ შორის, ყირიმზე. დასავლელი პარტნიორები მზად არიან, გააგრძელონ უკრაინის მხარდაჭერა და უზრუნველყონ იარაღი, მძიმე არტილერია და თავდაცვის სისტემები. სამწუხაროდ, მე პირადად არ მჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია ველოდოთ დასასრულს უახლოეს მომავალში. უკრაინის ომი გავლენას ახდენს ევროპის ყველა სახელმწიფოზე, მათ შორის, ჩეხეთზეც, ისევე როგორც საქართველოზე.

აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ და მხარი დავუჭიროთ ძალისხმევას, რადგან ზარალი ძალიან მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს მთელ ევროპაზე, მათ შორის, საქართველოზე.

ამ მომენტში, შეიძლება ითქვას, რომ  დიდი ალბათობით, რუსეთი გაზრდის ჰიბრიდული ომის ძალისხმევას საქართველოში, კიდევ უფრო დააპირისპირებს საზოგადოებას, გაზრდის ანტიევროკავშირულ და ანტიუკრაინულ განწყობებს და დათესავს თესლს 2024 წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებისთვის.

დაბოლოს, სააკაშვილის თემაზეც გკითხავთ. მიდის გარკვეული მოლაპარაკებები მის განთავისუფლებაზე ან თუნდაც სამკურნალოდ წაყვანაზე.  საერთოდ, რა ეტაპზეა ეს საკითხი დღეს დასავლეთისთვის?

სააკაშვილი და მისი მდგომარეობა შემაშფოთებელი და კრიტიკული საკითხია ევროკავშირისა და მისი წევრებისთვის. საქართველოს ხელისუფლებას არაერთხელ მოუწოდეს, გაათავისუფლონ სააკაშვილი და უზრუნველყონ მისთვის სათანადო სამედიცინო დახმარება, რადგან ისინი პასუხისმგებელნი არიან ფუნდამენტური უფლებების დაცვაზე საერთაშორისო ვალდებულებების ფარგლებში.

სიტუაცია გადაუჭრელი რჩება და ზიანს აყენებს ქართული დემოკრატიის რეპუტაციას. ეს აძლიერებს განხეთქილებას მთავრობასა და ევროკავშირს შორის და ძირს უთხრის ქართული დემოკრატიის სარწმუნო შეხედულებას. ამიტომ ხელისუფლებამ უდიდესი ყურადღებით უნდა შეხედოს საკითხს და იზრუნოს იმაზე, რომ  გონივრული გამოსავალი მოძებნოს.

Recommended Posts

ინტერვიუ

გსურთ, გადაიქცეთ რუსეთის ღარიბ პროვინციად, სადაც ქართველებს მხოლოდ დუმილისა და მოსკოვის მითითებების შესრულების უფლება ექნებათ ?!

მიხაილო პოდოლიაკი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ყოველდღიურად რჩევებს აძლევს. ის რეგულარულად პირდაპირ ესაუბრება საზოგადოებას, როგორც სპიკერი. რუსეთთან მოლაპარაკებების დროს ყოფილი ჟურნალისტი მნიშვნელოვანი მომლაპარაკებელი იყო კიევის მხრიდან, დავით არახამიასთან ერთად. ჩემ მიერ „ქრონიკა+“-სთვის ჩაწერილ ექსკლუზიურ ინტერვიუში 51 წლის პოდოლიაკი დეტალურად საუბრობს უკრაინის კონტრშეტევაზე, […]

Michael
ინტერვიუ

„ჯარისკაცები, რომლებმაც შლომი გადაარჩინეს, ბედნიერებისგან ტიროდნენ“, – ინტერვიუ ტყვეობისგან დახსნილი ქართველი-ებრაელის მამასთან

ისრაელის თავდაცვის ძალებმა, უსაფრთხოების სააგენტო „შინ ბეტმა“ და ისრაელის პოლიციამ შაბათს დილით (8 ივნისს) „ჰამასის“ წინააღმდეგ ღაზის სექტორში ჩაატარეს ერთ-ერთი ყველაზე გაბედული, რთული, მაღალი რისკის მქონე, მაგრამ წარმატებული ოპერაცია. ებრაელმა მებრძოლებმა  ტერორისტული ჯგუფის ტყვეობისგან ოთხი მძევალი ცოცხლად გამოიხსნეს.   მისია ჩატარდა დღისით და […]

Michael