უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევა ნელა, მაგრამ სტაბილურად მიმდინარეობს – რა ვითარებაა ფრონტზე?
უკრაინაში რუსეთის ომი გრძელდება. ოკუპანტი ქვეყნა მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვას განაგრძობს. თავის მხრივ, უკრაინა თავს იცავს და მტრის პოზიციებს უტევს. უკრაინელი მებრძოლები რუსებს არა მარტო უკრაინის ტერიტორიაზე, არამედ უკვე თავად რუსეთშიც უპირისპირდებიან. შაბათს ღამით ყირიმზე უკრაინული დრონების თავდასხმა განხორციელდა. დაიბომბა რუსული ჯარების ლოჯისტიკური ბაზა ნახევარკუნძულის დასავლეთით, ევპატორიის მახლობლად. 17 დრონი გამოიყენეს ღამის შეტევაში, _ იტყობინება ინტერნეტ პორტალი „Ukrajinska Prawda“ უკრაინის საიდუმლო სამსახურისმ SBU-ს წყაროებზე დაყრდნობით. წინასწარი ინფორმაციით, ამ თავდასხმის შედეგად ათობით ოკუპანტი დაიღუპა ან დაშავდა. ასევე განადგურდა მტრის აღჭურვილობა. დაზიანების ზუსტი რაოდენობა ჯერ კიდევ განიხილება.
მოგვიანებით ცნობილი გახდა ყირიმის ხიდზე აფეთქებების შესახებაც. „რუსეთის საჰაერო თავდაცვამ უკრაინის ორი რაკეტა ჩამოაგდო“, _ თქვა რუსების მიერ დროებით ოკუპირებული ნახევარკუნძულის გუბერნატორმა, სერგეი აქსიანოვმა. „ყირიმის ხიდი არ არის დაზიანებული“, _ წერს იგი. 9 -კილომეტრიან ხიდზე მანქანების მოძრაობა დროებით შეწყდა. მედიაში გავრცელებულ კადრებში ძლიერი დაკვამლიანება ჩანს. ჩვეულებრივ, უკრაინის ხელმძღვანელობა არ აკეთებს კომენტარს რუსულ პოზიციებსა თუ რუსულ ჯარებზე თავდასხმებზე. უკრაინელმა შეიარაღებულმა ძალებმა ბოლო კვირების განმავლობაში განაცხადეს რუსული შეტევების ზრდა ხარკივისა (ქალაქის დასახელებას უკრაინული წარმოთქმით ვწერთ, _ რედ.) და ზაპორიჟიის რეგიონებში. რეგიონულმა ხელისუფლებამ უკვე გამოაცხადა, კუპიანსკის რაიონის ქალაქებიდან სამოქალაქო მოსახლეობის უსაფრთხო ადგილებში გაყვანის შესახებ, რომელიც ყველაზე ახლოსაა წინა ხაზთან.
პარალელურად, დასავლეთი უკრაინის სამხედრო და ფინანსურ დახმარებას განაგრძობს. ესტონეთი უზრუნველყოფს შემდგომ სამხედრო დახმარებას რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად. ბალტიის, ევროკავშირისა და ნატოს სახელმწიფოს მთავრობამ გადაწყვიტა კიევში იარაღისა და საბრძოლო მასალის მორიგი დიდი გადაცემა. აშშ-ის მთავრობა გეგმავს უკრაინის მნიშვნელოვან მხარდაჭერას, რომ გააძლიეროს თავდაცვის უნარები და დააკმაყოფილოს ეკონომიკური და ჰუმანიტარული საჭიროებები კონფლიქტთან დაკავშირებით. მთავრობის მაღალჩინოსნებმა პარასკევს გამოაცხადეს, რომ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ითხოვს თითქმის 12 მილიარდი სამხედრო დახმარების დამტკიცებას. „პენტაგონმა“ უკვე ხუთშაბათს დააანონსა უკრაინის შემდგომი სამხედრო დახმარების მიწოდება 200 მილიონი დოლარის ღირებულებით. ამასთან, რუსები უკრაინაში ყოველდღიურად დიდ დანაკარგს განიცდიან, როგორც სამხედრო თვალსაზრისით, ასევე ცოცხალი ძალის სახით. კერძოდ, უკრაინის შეიარაღებული ძალების თანახმად, ოკუპანტმა ქვეყანამ დაკარგა 253 850-ზე მეტი ჯარისკაცი (13 აგვისტოს მდგომარეობით).
ამავდროულად, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევა ნელა, მაგრამ სტაბილურად მიმდინარეობს. როგორც დმიტრო კულებამ იტალიურ გაზეთ Corriere della Sera-სთან ინტერვიუში განმარტა, ყველაზე დიდი პრობლემა არის მყარი თავდაცვითი პოზიციები, რომლებიც რუსებმა ააშენეს გასული წლის განმავლობაში.
„ჩვენი მეომრებისთვის ადვილი არ არის წინსვლა, მაგრამ ჩვენ ამას გავაკეთებთ საბოლოოდ. მახსენდება მონტე კასინოს ბრძოლა მეორე მსოფლიო ომის დროს იტალიაში. თავდაპირველად მოკავშირეები დაბლოკა გერმანიის ძლიერმა პოზიციებმა. მათ დასამარცხებლად ოთხი თვე დასჭირდათ, მაგრამ შემდეგ მიაღწიეს წარმატებას“, _ თქვა მან.
კულებამ აღნიშნა, რომ უკრაინის ჯარები მსგავსს სიტუაციაში არიან: „დარწმუნებული ვარ, გავიმარჯვებთ“, _ დასძინა დიპლომატმა.
რა ვითარებაა დღეს ფრონტზე? სად არის ყველაზე ცხელი წერტილები? როგორ მიმდინარეობს კონტრშეტევა? რა სჭირდება უკრაინას სრული გამარჯვებისთვის? _ ამ და სხვა თემების შესახებ „ქრონიკა+“-ისთვის ინტერვიუ ჩავწერე უკრაინის შეიარაღებული ძალების ქართველ სერჟანტ შოთა კედელაშვილთან:
შოთა, როგორ მიმდინარეობს უკრაინის კონტრშეტევა?
უკრაინა ყველა მიმართულებით ძალიან განვითარდა. ამ ბოლო წელიწად-ნახევარში იმდენი პროფესიონალი გამოჩეკეს სხვადასხვა ქვეყანაში, რომ დიდ შედეგებს აღწევენ. კონტრშეტევა წარმატებულად მიმდინარეობს ისე, როგორც საჭიროება ითხოვს.
რა ვითარებაა, ზოგადად, ახლა ფრონტზე?
ინტენსიური ბრძოლები რაც მიდიოდა აღმოსავლეთ უკრაინაში, არ განელებულა, ისევ ბახმუტთან და იმ მხარეში მწვავე დაპირისპირებებია. უნდა ითქვას ცალსახად, რომ რუსებს გაცილებით დიდი მსხვერპლი აქვთ, ვიდრე ჩვენ.
სად არის ყველაზე ცხელი წერტილები, შეტაკებები და მძიმე დაპირისპირებები?
მძიმეა ყველა რეგიონი, ზოგადად, ყველა ქალაქი იმბომბება ჩრდილოეთიდან _ დასავლეთამდე, მაგრამ დონეცკის ოლქი და ბახმუტის მიმართულება, ისევ და ისევ, ყველაზე აქტუალურია. სიმართლე გითხრათ, დიდზე დიდი ტრაგედიაა უკრაინაში, როცა მშვიდობიანი მოსახლეობა იღუპება, ისინი ფრონტს მიეჩვივნენ.
ოკუპანტების ზარალს ყოველდღიურად ვხედავთ. რა მდგომარეობა აქვს დღეს ოკუპანტ ქვეყანას? სადამდე შეინარჩუნებს ბრძოლისუნარიანობას, ასე თუ ისე, იზოლაციის პერიოდში?
ზარალი მართლაც ძალიან დიდი აქვს რუსეთს, ბევრი დიდი ქვეყანა ვერ გაუძლებდა ასეთ ფრონტს ამდენი ხანი, მაგრამ ისინი ამისთვის წლებით ადრე ემზადებოდნენ. მართლა 24 თებერვალს ხომ არ დაიწყო ომი. ძნელი სათქმელია, თვეებს ვერ გაუძლებენ-მეთქი ან რამე ასეთი, თუმცა ყველაფერს ხარჯავენ, _ 1945-ში გამოშვებულებსაც და 2023-შიც.
უკრაინელები თავდასხმებს ახორციელებენ ქერჩის ყურეში, ყირიმის ხიდზე. უკვე რამდენჯერმე მოხდა შეტევა. რას ნიშნავს ეს? რამე სვლასთან გვაქვს საქმე თუ ზოგადი გაფრთხილებაა?
ეს იმას ნიშნავს, რომ ყირიმი უკრაინაა და აუცილებლად განთავისუფლდება ოკუპაციისგან. ხიდი, ზოგადად, ტვირთგამტარია და პირველი მტერი იმ რეგიონის ფრონტისთვის, ანუ ჩვენთვის.
ამას გარდა, დრონების ომი, დრონებით შეტევები ფიქსირდება მოსკოვშიც. რუსეთი ამბობს, რომ ამ ყველაფრის უკან უკრაინა დგას. რას ნიშნავს ეს _ ომი რუსეთის ტერიტორიაზე, კერძოდ მოსკოვში გადადის თუ გადავიდა უკვე ნაწილობრივ?
კიევში ხომ მიდის დაბომბვები, ოდესაში, ლვივში, ზაპორიჟიეში. მოსკოვშიც ხომ უნდა იგემონ, როგორია ომი. სინამდვილეში, ეს თანამედროვე ომის ნაწილი გახდა, _ დრონები, მცირე ზომის ბომბები, მაგრამ ზუსტ მისამართზე და სწრაფად.
როგორია უკრაინელი სამხედროების საბრძოლო განწყობა ომიდან უკვე მეორე წელს? რამდენადაა მოტივაციის დონე მაღალი? რამე ხომ არ შეიცვალა ამ მხრივ?
მაგრები არიან! მაგრად დგანან! სახლს იცავენ და სხვანაირად არ აქვთ უფლება! თავისუფლებას იცავენ, შვილების მომავალს, იმ დაცემული გმირების ოჯახებს იცავენ! განწყობა საბრძოლოა და ჩვენ გავიმარჯვებთ!