2023 წლის 7 ოქტომბრამდე არიე შარუზ შალიკარი ისრაელში იყო რიგითი მოქალაქე, რეზერვის ოფიცერი, ადმინისტრაციული თანამშრომელი, მამა, რომელიც თელ-ავივის მახლობლად ცხოვრობდა. თუმცა თავის მეორე სამშობლო გერმანიაში ის წარმატებული წიგნის ავტორი და ლექტორი იყო წლების განმავლობაში. მისი პირველი წიგნი, ფილმადაც კი გადაიღეს.
ისლამური ტერორისტული ჯგუფების თავდასხმების შემდეგ არიე შარუზ შალიკარი ისრაელის შეიარაღებული ძალების სპიკერი გახდა და დასავლური მედიისთვის ცნობილი სახეა. იგი უცხოურ გამოცემებს ინტერვიუებს აძლევს და „ცაჰალის“ აქტივობებზე საუბრობს. აქვს საკუთარი პოდკასტიც.
არიე შარუზ შალიკარი დაიბადა გეტინგენში და გაიზარდა ბერლინში. 2001 წელს ის ისრაელში წავიდა, იქ სწავლობდა და სამხედრო სამსახური გაიარა. 2009 წლის ოქტომბრიდან 2017 წლამდე ის იყო ისრაელის არმიის ოფიციალური წარმომადგენელი.
„7 ოქტომბრის თავდასხმა იყო „მინი-ჰოლოკოსტი, _ ამბობს არიე შარუზ შალიკარი, _ ის ფაქტი, რომ ახლა ამდენი ადამიანი იღუპება ღაზაში, მთლიანად „ჰამასის“ ბრალია“, _ დასძენს ის „ქრონიკა+“-ისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში, რომელიც დისტანციურად ჩავწერეთ:
ბატონო შალიკარ, როდის დასრულდება ომი ღაზაში?
„ჰამასს“ შეუძლია, ახლავე დაასრულოს ომი, თუ დადებს იარაღს და გაათავისუფლებს მძევლებს.
დაახლოებით 6 თვის განმავლობაში ისრაელის არმიის ოპერაციას ღაზაში 30 000-ზე მეტი ადამიანი შეეწირა. რატომ ჯდება ეს ომი ამდენი მსხვერპლის ფასად?
ამ ციფრების გადამოწმება არავის შეუძლია, რადგან ამ ციფრებს სწორედ ტერორისტული „ჰამასის“ მიერ მართული ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. თითქმის ერთი თვე დაგვჭირდა იმისთვის, რომ დაგვედგინა, რამდენი ადამიანი მოკლა ან გაიტაცა „ჰამასმა“ 7 ოქტომბრის თავდასხმისას. ბევრია გარდაცვლილი მშვიდობიანი მოქალაქე, რაშიც მხოლოდ „ჰამასი“ არის დამნაშავე: მან ცეცხლის შეწყვეტა 7 ოქტომბერს დაარღვია. ჩვენ გვაქვს უფლება, დავიცვათ თავი და საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ნებისმიერი ადგილი, საიდანაც ისვრიან, გამოცხადდეს ლეგიტიმურ სამიზნედ. თორემ განა ჩვენ გვსურს უდანაშაულო ადამიანების სიკვდილი. პირველი კვირების განმავლობაში „ჰამასმა“ ისრაელში 11.000-ზე მეტი რაკეტა გაისროლა. წარმოიდგინეთ, რომ თალიბებს მსგავსი რაოდენობის რაკეტები გაესროლათ სხვა ქვეყანაში, მოითმენდნენ ამას?!
_ „ჰამასმა“ ისრაელი თავისი შეტევით გააოცა. არა მარტო ისრაელი, პრინციპში, მთელი მსოფლიო. როგორ შეიძლებოდა, ეს მომხდარიყო?
ჩვენ მტერს სათანადოდ ვერ ვაფასებდით. ეს ხალხი თვეების განმავლობაში ემზადებოდა და ზუსტად იცოდა, სად სურდა წასვლა და რისი გაკეთება უნდოდა. ჩვენ ვერ წარმოვიდგენდით სისასტიკეს, რომლითაც ისინი შეიჭრნენ ისრაელში და დახოცეს იქ მშვიდობიანი ხალხი.
საიდუმლო სამსახურების ხარვეზებიც ხომ არ შეიძლება განიხილებოდეს?
ამას ომის შემდეგ გამოიძიებენ. მაგრამ რეალურად ისინიც ადამიანები არიან და არა რობოტები. ეს იყო ადამიანური შეცდომა და ამას აუცილებლად მოჰყვება შედეგები. მაგრამ ჩვენ ასევე უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს, საიდან მოვიდა ფული ამ თავდასხმისთვის?
როგორც ვიცით, „ჰამასი“ კატარიდან ფინანსდება, არა?
მე ვარ სამხედრო სპიკერი და არა პოლიტიკოსი, მაგრამ ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ ბოლო ათწლეულების განმავლობაში, რათა თავიდან აგვეცილებინა კონფლიქტი. ეს სიმშვიდე და ჰარმონია „ჰამასმა“ დაარღვია, თანაც იმიტომ, რომ მის უკან ირანში ასე უნდოდათ. ეს დაკავშირებულია ისრაელის საუდის არაბეთთან დაახლოებასთან, ასევე ანტისემიტიზმთან და ებრაელთა სიძულვილთან.
ბრძოლაში მძევლებიც დაიღუპნენ. ახლობლები შიშობენ, რომ ომის ყოველი შემდგომი დღე საფრთხეს უქმნის უფრო მეტი მძევლის სიცოცხლეს. ვხედავთ აქციებსაც ისრაელში.
მართალია! ჩვენ არ გვინდა დავარტყათ მძევლებს ან უდანაშაულო პალესტინელებს, მაგრამ ომი ომია და ეს ომი გვაიძულებს.
როგორ გრძნობთ თავს, როცა ხედავთ, რომ მსოფლიოს ყურადღება სულ უფრო და უფრო შორდება ისრაელელ მძევლებს?
პირადად მე მტკივა, რადგან, რა თქმა უნდა, ყოველთვის მაქვს განცდა, თითქოს ამ მძევლებიდან ერთ-ერთი ჩემი ქალიშვილი, ცოლი ან დედაა და ვერ ვვეგუები, რომ ისინი ასეთ დღეში არიან. მაგრამ ვცდილობ, რაღაც ჭკვიანური და დიპლომატიური გავაკეთო ამ საკითხთან დაკავშირებით.
რას ფიქრობთ, ამდენი მსხვერპლის შემდეგ სიძულვილი უფრო მასშტაბური ხომ არ გახდება ებრაელებისა და ისრაელის მიმართ?
როდესაც მოკავშირეებმა დაამარცხეს ნაცისტები, ვინ დათვალა დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობა? ვინ დაითვალა რაქასა და მოსულში მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი, როდესაც ისლამური სახელმწიფო დამარცხდა? ეს მხოლოდ მაშინ ხდება, როცა ებრაელები თავს იცავენ. და სანამ მძევლები არიან და „ჰამასი“ არ ნებდება, ყველა სამოქალაქო მსხვერპლი იქნება მათი პასუხისმგებლობის ქვეშ. რა უნდა გავაკეთოთ? ტერორისტულ ორგანიზაციას ჩავეხუტოთ და მუხლებში ჩავუვარდეთ? ხალხი იტანჯება, მაგრამ არა იმიტომ, რომ ისრაელს ეს სურს, არამედ იმიტომ, რომ ეს „ჰამასს“ სურს.
რაც შეეხება „ჰამასის“ ლიდერშიფს, მათ რა ბედი ელით?
არმია ინადირებს ტერორისტების ბოსებზე, როგორც ეს ოდესღაც ნაცისტ მკვლელ ადოლფ აიხმანზე, ჰოლოკოსტის ერთ-ერთ ორგანიზატორზე მოხდა, რომელიც „მოსადმა“ არგენტინიდან ისრაელში 1960 წელს ჩაიყვანა და სასამართლოს წინაშე წარადგინა. ისევე, როგორც ნაცისტ დამნაშავეებს დევნიდნენ და სასამართლოს წინაშე წარადგენდნენ ათწლეულების შემდეგ ასევე მოექცევიან ისლამისტ ტერორისტებს. ამას შეიძლება დრო დასჭირდეს, მაგრამ „ჰამასის“ ხელმძღვანელობა ვეღარასოდეს შეძლებს უსაფრთხოდ იცხოვროს 7 ოქტომბრის შემდეგ.
რა რჩევას მისცემდით დიასპორაში მცხოვრებ ებრაელებს?
როგორც ებრაელებმა, ჩვენ უნდა დავიცვათ თავი და გამოვავლინოთ ძალა არა მხოლოდ ისრაელში, არამედ მთელ მსოფლიოში. თუ არ გამოიჩინე მონდომება და თავმოყვარეობა, შიშით გაივლი ქუჩებში. მერე ბავშვებს შიშით გააგზავნი სკოლაში. ეს არ უნდა მოხდეს.