მოსკოვში მომხდარი აფეთქების შედეგად მოკვდა რუსეთის ფედერაციის რადიაციის, ქიმიური და ბიოლოგიური თავდაცვის ძალების მეთაური გენერალ-ლეიტენანტი იგორ კირილოვი. შემთხვევა 17 დეკემბერს, გამთენიისას, იმ სახლთან მოხდა, სადაც მაღალი რანგის ოფიცერი ცხოვრობდა. მოკლეს მისი თანაშემწეც. მედია და საზოგადოებრივი აქტივისტები აღნიშნავენ, რომ ლიკვიდაცია „ისრაელის მოდელის“ მიხედვით განხორციელდა.
მედიის ცნობით, აფეთქებამდე ცოტა ხნით ადრე, დაახლოებით დილის 6 საათზე, ავტომობილი მძღოლთან ერთად მივიდა სახლის შესასვლელთან და კირილოვი სამსახურში უნდა წაეყვანა.
წინასწარი მონაცემებით, ასაფეთქებელი მოწყობილობა იქვე გაჩერებულ ელექტრო სკუტერში იყო ჩაშენებული. აფეთქება დისტანციურად განხორციელდა. ასაფეთქებელი მოწყობილობის სიმძლავრე შეფასებულია 200 გრამ ტროტილამდე. ჩაიმსხვრა საცხოვრებელი სახლის ფანჯრის მინები, დაზიანდა შენობა.
მოსკოვმა თავდაპირველად განაცხადა “აფეთქების ინციდენტის” შესახებ, მაგრამ შემდეგ დაადასტურა გენერლისა და მისი თანაშემწის გარდაცვალება.
ვინ ჩაატარა ლიკვიდაციის ოპერაცია?
მოსკოვში მომხდარი აფეთქების შესახებ უკრაინული მედიაც ავრცელებს ინფორმაციას, საიდანაც ირკვევა, რომ ლიკვიდაციაში უკრაინის სპეცსამსახურები მონაწილეობდნენ. ამასთან დაკავშირებით, გამოცემა UNIAN-ი SBU-ზე მითითებით წერს, რომ „ჩინოვნიკი პასუხისმგებელია უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ ფრონტებზე აკრძალული ქიმიური იარაღის მასობრივ გამოყენებაზე მისი ბრძანებით, ქიმიური საბრძოლო მასალის გამოყენების 4800-ზე მეტი შემთხვევა აღწერიალია სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან.
აღსანიშნავია, რომ 16 დეკემბერს SBU-მ კირილოვი დაუსწრებლად გამოაცხადა სისხლის სამართლის საქმეზე ეჭვმიტანილად „აკრძალული ქიმიური იარაღის მასიური გამოყენებისთვის“. გასული წლის ოქტომბერში ბრიტანეთმა კირილოვის წინააღმდეგ სანქციები დააწესა იმ მოტივით, რომ მან უკრაინაში ქიმიური იარაღის გამოყენების ბრძანება გასცა.
54 წლის იგორ კირილოვი რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური თავდაცვის ჯარების უფროსი 2017 წლის აპრილში გახდა. დამთავრებული აქვს სამხედრო აკადემია. რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმამ გენერლის გარდაცვალებას “გამოუსწორებელი ზარალი” უწოდა.
ბევრი კომენტატორი იხსენებს მოსადის მიერ განხორციელებულ ლიკვიდაციებს და თვლის, რომ მათ შეეძლოთ ამ დივერსიის ორგანიზატორების „ინსპირაცია“.