ძველი გალილეის გზები, ტიბერიის ზღვა მისი ნაპირებით, ბეთლემისა და ნაზარეთის ქუჩები, იერუსალიმი – ეს ადგილები არ არის მხოლოდ წმინდა წერილის სტრიქონები. ეს არის რეალური ადგილები, სადაც მოხდა კაცობრიობის ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები. დღეს მათი სტუმრობა და მონახულება, უფრო მეტია, ვიდრე ღირსშესანიშნაობების დათვალიერება; ეს არის ბიბლიაში შესვლა და იმ მომენტების გაცოცხლება, რომლებმაც შეცვალეს სამყარო.
რამდენადაც ქრისტეშობის სადღესასწაულო დღეები ახლოვდება და გვიახლოვდება ასევე, ენითაღუწერელი სულიერი სიხარულის ჟამი, ვფიქრობ, სასარგებლო და აუცილებელიც იქნება თითოეული ჩვენგანისთვის ყურადღების გამახვილება და კიდევ ერთხელ გახსენება იმ დიდი და მნიშვნელოვანი ისტორიისა, რომელიც მოიცავს მაცხოვრის დაბადებას, ცხოვრებასა და მოღვაწეობას წმინდა მიწაზე და იმ ადგილებზე რომელის თითოეული გოჯი დიდი სიწმინდითაა გაჟღენთილი. რადგან ისრაელში შობა არ არის მხოლოდ დღესასწაული – ის ისტორიაა, რომელსაც შეგიძლიათ შეეხოთ.
ქრისტე იშვა ბეთლემსაო
ქრისტე 2000 წელზე მეტი ხნის წინ სწორედ ბეთლემში იშვა. ქრისტეს შობის ეკლესია, რომელიც აშენდა იესოს დაბადების ადგილას, განსაცვიფრებელი და წმინდა სივრცეა. შიგნით თქვენ ნახავთ შობის მღვიმეს, რომელიც მონიშნულია იატაკზე ჩადგმული ვერცხლის ვარსკვლავით, რაც ნიშნავს იმ ადგილს, სადაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა შვა მესია.
წარმოგიდგენიათ როგორი უნდა ყოფილიყო ის ღამე? – თავმდაბალობის დასაწყისი. როგორც ლუკას 2:7-ში ყველაზე კარგად არის ნათქვამია: „და შობა ძე, თავისი პირმშო, ჩვრებში შეახვია და ბაგაში ჩააწვინა, ვინაიდან ფუნდუკში ადგილი არ იყო მათთვის “.
შობის დროს ბეთლემი გარდაიქმნება ხორცშესხმული რწმენისა და დღესასწაულის უნიკალურ ნაზავად. პილიგრიმები იკრიბებიან მანგერის მოედანზე, საშობაო განათება ანათებს უძველეს ქვის ქუჩებს და გუნდები მღერიან საგალობლებს, რომლებიც ეხმიანება საუკუნეებს. ეს განსაკუთრებულია. ეს არის იესოს დაბადების ღვთაებრივი სიმარტივის, ყველაზე დიდი და მისაბაძი სიმდაბლის შეხსენება.
ნაზარეთი: ქალაქი, რომელმაც ის აღზარდა
ნაზარეთი – გალილეის ამ პატარა ქალაქში იესო ქრისტე იზრდებოდა და ცხოვრობდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელთან და მართალ იოსებთან ერთად 30 წლამდე, ვიდრე იგი შეუდგებოდა თავის საზოგადო მსახურებას.
ხარების ბაზილიკა, რომელიც ქალაქის ცენტრში დგას, შეგვახსენებს იმ დიად მოვლენას, როდესაც წმ. ქალწულს გამოეცხადება მთავარანგელოზი გაბრიელი და მისგან კაცობრიობის მხსნელის შობის შესახებ ამბავს აუწყებს. შიგნით ეკლესიაში, ლუკას 1:28-ის სიტყვებია ჩაწერილი: „შევიდა ანგელოზი მასთან და უთხრა: „გიხაროდეს მადლით მოსილო: უფალი შენთანაა; კურთხეული ხარ დედათა შორის“.
ქალაქი ნაზარეთი, ცოცხალი ისტორიული ადგილი, ვიზიტორებს აძლევს წარმოდგენას, თუ როგორი იყო ცხოვრება I საუკუნეში. აქ ადვილია წარმოიდგინო ახალგაზრდა იესო, რომელიც იზრდება და მართალი იოსებისაგან სწავლობს დურგლობას თავის სარჩენად.
გალილეის ზღვა და მისი ნაპირები: მაცხოვრის მოღვაწეობის ადგილები
თუ არის ადგილი ისრაელში, სადაც იესოს ყოფნას ცოცხლად განვიცდით, ეს გალილეის ზღვაა. ეს მტკნარი წყლის ტბა და მისი ნაპირები რომელიც გარშემორტყმული იყო გორაკებით, იყო ქრისტეს მრავალი სასწაულის ადგილი.
გაისეირნეთ ნავით მის წყნარ წყლებში და შეიძლება მოისმინოთ წარსულის ჩურჩული და თვალწინ წარმოგიდგეთ ქრისტეს სასწაულები: იესო დადის წყალზე (მათე 14:25), აცხრობს ქარიშხალს (მარკოზი 4:39), ან ავალებს სიმონს, გადაისროლოს ბადე მეორე მხარეს თევზების სასწაულებრივი დაჭერისთვის (ლუკა 5:4-6).
იქვე, ნეტარების მთაა, როგორც მთაზე ქადაგების ტრადიციული ადგილი, საიდანაც იესომ გვასწავლა ყველაზე ღრმა ჭეშმარიტება 9 ნეტარების სახით: „ნეტარ არიან გლახაკნი სულითა, ვინაიდან მათია ცათა სასუფეველი“ (მათე 5:3) და ა.შ.
ეწვიეთ კაპერნაუმს, რომელიც ცნობილია როგორც იესოს „საკუთარი ქალაქი“ და გაიარეთ ძველი სალოცავის (დიდი სინაგოგის) ნანგრევები, სადაც ის ასწავლიდა. დამაფიქრებელია დგომა იქ, სადაც ერთხელ იდგა მაცხოვარი და წარმოიდგენთ, რომ ის კურნავს ავადმყოფებს, განდევნის დემონებს და ქადაგებს ღვთის შესახებ.
იერუსალიმი: ამბის კულმინაცია
წმინდა ქალაქი იერუსალიმი არის იქ, სადაც ქრისტეს ცხოვრებამ მიაღწია თავის კულმინაციას. სწორედ აქ მიიღეს ის, როგორც ’’მეფე’’ ბზობის კვირას, სადაც ის ასწავლიდა ტაძარში, სადაც იგი ლოცულობდა გეთსიმანიაში და სადაც ჯვარს აცვეს, დაკრძალეს და მკვდრეთით აღდგა.
გაიარეთ ვია დოლოროსას, „ჯვრის გზაზე“ და წარმოიდგინეთ, თუ როგორ ტვირთულობს მძიმე ჯვარს მაცხოვარი საკუთარი მხრებით ვიდრე გოლგოთამდე. დადექით წმინდა სამარხის ეკლესიასთან, რომელიც მოიცავს როგორც მისი ჯვარცმის ადგილს, ასევე მის საფლავს. ბევრისთვის ეს არის ყველაზე წმინდა ადგილი დედამიწაზე.
და აღდგომის დროს? იერუსალიმის ძველი ქალაქი არის განათების, ბგერებისა და ლოცვების ნაზავი. ქრისტიანები მთელი მსოფლიოდან იკრიბებიან აქ, რათა პატივი სცენ მას, ვინც სიცოცხლე გაიღო, რათა ჩვენთის მარადიული სიცოცხლე მოენიჭებინა.
კავშირი შობასთან
რა კავშირია ამ წმინდა ადგილებსა და შობას შორის? ძალიან ბევრი. შობა არ არის მხოლოდ მყუდრო დღესასწაული ოჯახთან და საჩუქრებთან ერთად. ეს არის იესოს შემოსვლის დღესასწაული ჩვენს ბინძურ, დანგრეულ სამყაროში.
ამ ადგილების მონახულება არის ნათელი შეხსენება, რომ იესო არ იყო მხოლოდ იდეა ან ლეგენდის ფიგურა. დადიოდა, ჭამდა, ლოცულობდა და რეალურ ადგილებში ცხოვრობდა. ბეთლემი, ნაზარეთი, გალილეის ნაპირები და იერუსალიმის ქუჩები იმის დასტურია, რომ ქრისტეს, როგორც კაცობრიობის მხსნელის განკაცებისა და გამომხსნელობითი მოღვაწეობის სახარებისეული ამბები რეალობაა.
დღევანდელი დღის იმედი
სამყაროში, რომელიც ხშირად ქაოსური და გაურკვეველია, შობის გზავნილი და იესოს ცხოვრება ურყევ იმედს გვთავაზობს. ის არ მოვიდა სამყაროში ზარბაზნებით ან ძალით, არამედ თავმდაბლობითა და მადლით. და ის არ შორდებოდა ცხოვრებისეულ ბრძოლას; ის დადიოდა ჩვენ შორის, კურნავდა ავადმყოფებს, პატიებდა ცოდვილებს და და იგი დღესაც მიმოდის ჩვენს შორის, დღესაც ქადაგებს, დღესაც კურნავს ცოდვილთ თუ ავადმყოფთ, მთავარია ამ ყველაფრის გულისხმისყოფა, რომ იგი ჩვენში ცხადდება, ჩვენს რწმენაში ცოცხლდება და ხელშესახები ხდება.
ასე რომ, ამ შობას, თუ ფიზიკურად ვერ ეწვევით ისრაელს, კარგი იქნება უბრალოდ შორიდან იფიქროთ ამ ადგილებზე, მიეცით საშუალება საკუთარ თავს, ჩაძიროთ იგი ქრისტეშობის ღვთაებრივ მნიშვნელობაში.
როგორც ესაია 9:5-ში ნათქვამია: „რადგან შეგვეძინა შვილი, მოგვეცა ძე და უფლობა იყო მის ბეჭებზე, ეწოდა სახელად საკვირველი მრჩეველი, ღმერთი ძლიერი, მარადისობის მამა, მშვიდობის მთავარი “.
მართლმადიდებელი ეკლესიების ნაწილი ქრისტეშობას 25 დეკემერს, ნაწილი კი 7 იანვარს აღნიშნავს. თუმცა ამას არსებითი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს, რადგან ყველა ჭეშმარიტ ქრისტიანში ხომ ყოველდღიურად უნდა იშვას ქრისტე?!