სიმონ მოშიაშვილი არის ისრაელელი პოლიტიკოსი, რომელიც ამჟამად „ქნესეთის“ დეპუტატია პარტია „შოსიდან“. ის უკვე ორი წელია, ისრაელის პარლამენტის წევრია და ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაშია ჩართული. მანამდე კი ქალაქ კირიატ ატას საქალაქო საბჭოს წევრი იყო. კიდევ უფრო ადრე მოშიაშვილი მსახურობდა ისრაელის საზღვაო ფლოტში 3 წლის განმავლობაში და სამხედრო ცხოვრებაც გამოვლილი აქვს. ჯარის შემდეგ ბაკალავრის ხარისხი აიღო სამართალში და 20 წლის განმავლობაში პრაქტიკოს იურისტად მუშაობდა ქალაქ ჰაიფაში.

 „ქრონიკა+“-მა მასთან ექსკლუზიური ინტერვიუ იერუსალიმში, „ქნესეთში“ (ისრაელის პარლამეტი) ჩაწერა. დეპუტატმა პარლამენტში თავის კაბინეტში მიგვიღო, გვიმასპინძლა და საქართველოს სიყვარულის შესახებ, ქართულ-ებრაულ ურთიერთობებსა და სხვა უამრავ თემაზე ისაუბრა. ამასთან, შევეხეთ ომს, რომელსაც ისრაელი ტერორისტების წინააღმდეგ აწარმოებს. აღსანიშნავია, რომ ინტერვიუს პროცესში ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს სიტყვით გამოსვლა ჩაინიშნა, სადაც ქართველი-ებრაელი დეპუტატიც გამოიძახეს და ის სასწრაფოდ გაემართა მოსმენაზე დასასწრებად. შესაბამისად, ინტერვიუ ბოლომდე ვეღარ დავასრულეთ:

 _ ბატონო სიმონ, თქვენ შესახებ გვიამბეთ, სად დაიბადეთ, სადაური ქართველი-ებრაელი ხართ?

_ ისრაელში დავიბადე, ჩრდილოეთ ისრაელში ვცხოვრობ, ჰაიფასთან ახლოს. დედ-მამა საქართველოშია დაბადებული. დაახლოებით 11 წლისები იყვნენ, აქ რომ ამოვიდნენ. მას შემდეგ უკვე აქ, ისრაელში ვცხოვრობთ. 

სანამ პარლამენტარი გავხდებოდი, 20 წელიწადი იურისტი ვიყავი და ადვოკატად ვმუშაობდი. ჩემი ოფისი მქონდა ჰაიფაში, სანამ ჩემი გზა პარლამენტის მიმართულებით წავიდოდა. სულ აქტიური ვარ, სულ ვმუშაობ და ქვეყნის კეთილდღეობისთვის ვზრუნავ და ვიბრძვი.

_ რამდენი ხანია, რაც „ქნესეთში“  ხართ?

_ 2023 წლის 23 თებერვლიდან ვარ „ქნესეთის“ წევრი, სამ თვეში 2 წელიწადი მიხდება. ეკონომიკის სექტორია ჩემი ძირითადი მიმართულება. სწორედ ეკონომიკის კომიტეტში ვარ. სხვათა შორის, შარშან საქართველოს პარლამენტის დელეგაცია მივიღეთ აქ, გვესტუმრნენ ქართველი დეპუტატები და გვქონდა შეხვედრა.

_ საქართველოსთან როგორია დღეს თქვენი ურთიერთობა და კავშირები?

_ საქართველოში ჩავდივარ ხშირად, უზომოდ მიყვარს იქაურობა. თბილისში სულ ცოტა ხნის წინ ვიყავი, უფრო სწორად, 3 თვის წინ ვიყავი. ბორჯომშიც ვიყავით, დავისვენეთ. ჩემს შვილებს ძალიან უყვართ საქართველო. თბილისი _ განსაკუთრებით. დიდ სიამოვნებას იღებენ იქ, ტკბებიან და ბედნიერდებიან საქართველოში სტუმრობით. ყოველ ჯერზე უფრო მეტი პოზიტივითა და სიხარულით ვბრუნდებით. გვიყვარს საქართველო, უზომოდ გვიყვარს ქართველი ხალხი და ეს ულამაზესი ქვეყნა.

_ ქართული ასე კარგად იცით, ამ დროს ისრაელში ხართ დაბადებული…

_ ბებიისა და ბაბუის დამსუხრებაა, ენა რომ ვიცი. სახლში სულ ქართულად საუბრობდნენ და ამდენად ვიცი ქართული. სიყვარული და პატივისცემა საქართველოსი მათგან გვაქვს ჩანერგილი. ჩვენ ისრაელში სულ კარგი ვიცით საქართველოზე. სულ კარგს გვიყვებოდნენ ოჯახებში მშობლები. საქართველოში უსაფრთხოდ, დაცულები და მშვიდად ვართ და ვიყავით.

_ რამდენი შვილი გყავთ?

_ 3 ბიჭი და ტყუპი გოგო მყავს. უფროსი ბიჭი ჯარში მიდის. თან სწავლობს. ჯარში მეც ვიყავი. 1995 წელს მოვიარე ჯარი. 3 წელიწადი საზღვაო ძალებში ვიყავი.

_ პოლიტიკური ვითარება როგორია ახლა ისრაელში?

_ ისრაელში რომ დაიწყო ომი, ასეთი ჩვენთან პირველად იყო. რაკეტების სროლა ღაზიდან წელიწადში ორჯერ-სამჯერ სულ იყო. თუმცა რაც 7 ოქტომბერს მოხდა, ეს იყო სასწაული ტრაგედია _ მსგავსი ჩვენს ერს არ გამოუცდია. წარმოუდგენელი დარტყმა იყო ყველასთვის. დღეს ისრაელი პოლიტიკურადაც ყველა ფრონტზე გამოწვევების წინაშეა. პირველ რიგში, ჩვენ ვიბრძვით გადარჩენისთვის, ჩვენი ერთადერთი ებრაული სახელმწიფოსა და ხალხის დასაცავად.

_ რა ხდება ფრონტებზე? საომარ ზონებთან ახლოს მცხოვრები მოსახლეობის პირობები როგორია?

_ ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან მოსახლეობა სახელმწიფომ სასტუმროებში გადმოვასახლეთ, მათ დასახმარებლად ყველაფერს ვაკეთებთ. ეკონომიკურ კანონებს ვცვლით და ვამატებთ კიდეც, რომ ხალხს, რომლებიც საზღვრის პირას ცხოვრობენ და საომარ ზონებში არიან, მათი ნამუშევრები, კიბუცებში ბოსტნები, ხეხილი, და ა. შ. წყალში არ გადაიყაროს. ისეთი კანონები მივიღეთ, რომ მათ დავეხმაროთ, ბიუჯეტისა და ფინანსების მობილიზებას მხარი დავუჭიროთ. „ქნესეთში“ კომისია მუშაობს, ჩემი ჩართულობითაც წარმოვადგინეთ კანონები. კომისია ამტკიცებს და ამ კანონებით ხელს ვუწყობთ უკვე ომის დაწყების დღიდანვე მოსახლეობას: კომპენსაციას ვუხდით, ვუნაზღაურებთ იმ ზარალს, რასაც ომი უქმნის, ბიზნესში რომ წაგება არ ჰქონდეთ, სახლებში კი სასტუმროებში გვყავს დაბინავებული და ვუხდით. სახელმწიფო ვალდებულია, რომ ხალხს აუნაზღაუროს ზარალი.

_ როგორია ტერორისტების, „ჰამასისა“ და ასევე „ჰეზბოლას“ ზარალი და ზიანი ამ ეტაპისთვის? „ცაჰალის“ გმირული მუშაობის შედეგად მათ დიდი ზარალი მიადგათ, როგორც ვიცით.

_ „ჰამასი“ თითქმის აღარ არსებობს. ტერორისტული ორგანიზაცია, ფაქტობრივად, განადგურდა. „ჰეზბოლას“ რაც გავუკეთეთ, ეს მსოფლიომ გაიგო. სერიოზული ზიანი და შოკი მიიღეს. ჯერ იყო „ვოკი ტოკები“ და პეიჯერების აფეთქება, რამაც ასობით ოპერატორი დააზიანა და გაანდაგურა, ამით უდიდესი დარტყმა მიიღეს, ეს ისტორიაში ჩაიწერება. რაკეტები, როგორც ვიცით, 150 ათასი ჰქონდათ ომის დაწყებამდე, მათი 80 პროცენტი განადგურებულია. დარჩენილი აქვთ 20, 25 პროცენტი, როგორც ამბობენ. ეს არის სასწაული ამბავი. ნახეთ, ნასრალა გაუშვეს ჯოჯოხეთში, ჰანიე, სინვარი, აფიფი და კიდევ უამრავი მათი თანაშემწე განადგურებულია. ბევრი დაბალი რანგის ხალხი გაიქცა, უამრავი წავიდა სირიაში. ირანის ელჩი ლიბანში ნახეთ, ფოტო რომ გავრცელდა? ეს სურათი უკვე ბევრს ამბობს.

_ რა პროგნოზები გაქვთ უახლოესი პერიოდისთვის?

_ ისრაელი გამარჯვებს, სიკეთე და სინათლე გაიმარჯვებს ბოროტებაზე. ჩვენ ვხედავთ ტრამპის ეფექტს ბევრ რამეში, ირანი ახლა ჩუმადაა, იმუქრებოდა, ბაქიბუქობდა, თუმცა ჩაჩუმებულია ახლა. დღეს ისრაელი ებრძვის ტერორიზმს, იცავს თავს ბრუტალური ტერორისტებისგან, რომლებიც საფრთხეს წარმოადგენენ არა მარტო ისრაელისთვის, არამედ მსოფლიოსთვის. ამდენად, ისრაელის გამარჯვება მსოფლიოს გამარჯვება იქნება სიბნელეზე, ხალხის ხოცვასა და ბოროტებაზე.

***

ოპერაცია „რკინის ხმლები“ უკვე 415-ე დღეა, მიმდინარეობს. „ცაჰალი“  აგრძელებს ბრძოლას ლიბანში „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ, ღაზის სექტორში „ჰამასის“ წინააღმდეგ და ტერორისტების წინააღმდეგ იუდეასა და სამარიაში.

2023 წლის 7 ოქტომბრის დილით ადრე ტერორისტული თავდასხმა დაიწყო რაკეტებით ღაზის სექტორის მხრიდან ცენტრალური ისრაელის მიმართულებით. სასაზღვრო ზოლი გაარღვია დიდი რაოდენობით მებრძოლმა, რომლებიც შეიჭრნენ ისრაელის ტერიტორიაზე. დაიღუპა ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე, ასევე ასობით პოლიციელი. ოფიცრები და სამხედრო მოსამსახურეები და ისრაელისა და უცხო ქვეყნის ასობით მოქალაქე ტერორისტებმა დაატყვევეს, რომელთაგან ბევრი ჯერ კიდევ ღაზის სექტორში რჩება.

ოფიციალური მონაცემებით, „ჰამასმა“ 2023 წლის 7 ოქტომბერს 251 ადამიანი გაიტაცა. ამ დროის მდგომარეობით, ღაზაში „ჰამასის“ ტყვეობაში იმყოფება 101 მძევალი: 97 მძევალი 2023 წლის 7 ოქტომბრიდან და 4 მძევალი 2014 წლიდან (84 მამაკაცი და 14 ქალი, მათ შორის, ორი ბავშვი 5 წლამდე). აქედან, სულ მცირე, 40 გატაცებული ცოცხალი აღარ არის, მათი ცხედრები „ჰამასს“ დატყვევებული აქვს (მათ შორის, ადარ გოლდინი და ორონ შაული, გატაცებულები 2014 წელს).

154 ადამიანი გაათავისუფლეს (გადაარჩინეს ან მკვდარი იპოვეს): ოთხი ისრაელელი გაათავისუფლა და ერთი ჯარისკაცი გადაარჩინა IDF-მა („იდიეფი“-ისრაელის თავდაცვის ძალები) 2023 წლის 24 ნოემბრამდე; 81 ისრაელელი და 24 უცხოელი გაათავისუფლეს „ჰამასთან“ შეთანხმების ფარგლებში 2023 წლის 24-დან 30 ნოემბრამდე; 16 გატაცებული მოკლეს „ჰამასის“ ტყვეობაში და მათი ცხედრები იპოვეს. ისინი ევაკუირებულ იქნა ისრაელის თავდაცვის მებრძოლების მიერ; სამი გატაცებული შემთხვევით დაიღუპა „იდიეფის“ ცეცხლის გახსნის შედეგად; 2024 წლის 12 თებერვალს, სპეცოპერაციის ფარგლებში, უსაფრთხოების ძალებმა რაფაში ორი მძევალი გადაარჩინეს; 2024 წლის 8 ივნისს ნუსეირათში ჩატარებული სპეცოპერაციისას ოთხი მძევალი იხსნეს. 27 აგვისტოს კიდევ ერთი მძევალი გადაარჩინეს. 31 აგვისტოს ექვსი მოკლული მძევლის ცხედარი იპოვეს.

ომის პირველ დღეს, 7 ოქტომბერს, ტერორისტები თავს დაესხნენ მუსიკალური ფესტივალის მონაწილეებს. ფესტივალი მიმდინარეობდა ღაზის საზღვართან, რეიმის ტყეში, სადაც დაახლოებით 3000 ადამიანი იყო შეკრებილი. ასობით ადამიანი დაიღუპა და ბევრი მძევლად აიყვანეს. ტერორისტებმა ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს სოფლებში ბერში, კფარ აზასა და ნირ ოზში, დახოცეს მრავალი ადამიანი, მათ შორის, მოხუცები, ქალები და ბავშვები. გარდა ამისა, ტერორისტები შეიჭრნენ სდეროტში, ოფაკიმში, ნეტივოტსა და დასავლეთ ნეგევის სხვა დასახლებებში, კლავდნენ და ძარცვავდნენ ისრაელელებს.

შეტევიდან მალევე „ჰამასმა“ ომი გამოუცხადა ისრაელს და მის ქმედებებს უწოდა „ალ-აქსას წარღვნა“. ამის საპასუხოდ ისრაელის მთავრობამ გამოაცხადა საომარი მდგომარეობა (პირველად 1973 წლიდან) და დაიწყო „რკინის ხმლების ომის“ ოპერაცია.

ისრაელში, დაახლოებით, 1700 ადამიანი დაიღუპა 7 ოქტომბერს და ომის შემდგომ დღეებში. დაახლოებით 15.000 დაიჭრა ან დაშავდა. დაღუპულთა შორის არიან ისრაელის, აშშ-ის, კანადის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, ავსტრიის, გერმანიის, უნგრეთის, ირლანდიის, იტალიის, ესპანეთის, ლატვიის, ლიეტუვის,  პორტუგალიის, რუმინეთის, არგენტინის, ჩილეს, პერუს, პარაგვაის, უკრაინის, რუსეთის, აზერბაიჯანის, ბელარუსის, მოლდოვის, ბრაზილიის, ჩინეთის, ინდოეთის მოქალაქეები.

ისრაელს მსგავსი ზარალი არ განუცდია ბოლო 50 წლის განმავლობაში იომ კიპურის ომის შემდეგ.

ღაზაში სახმელეთო სამხედრო ოპერაცია ოქტომბრის ბოლოდან დაიწყო.

ომის დაწყებისთანავე ღაზის სექტორიდან დაახლოებით 10 000 რაკეტა იქნა გაშვებული („იდიეფი“ ვარაუდობს, რომ მათი 15% ღაზაში დაეცა). „ჰეზბოლამ“ ლიბანიდან 10 000-მდე რაკეტა გაისროლა (20%-მდე ლიბანის ტერიტორიაზე დაეცა). სირიიდან ათობით რაკეტა გაისროლეს. „ჰამასისა“ და „ჰეზბოლას“ ტერორისტებმა, ასევე გამოიყენეს თავდასხმის უპილოტო საფრენი აპარატები.

ასობით ათასი ისრაელელი სამხრეთ და ჩრდილოეთში იძულებული გახდა, დაეტოვებინა სახლები ომის დაწყების შემდეგ.

„ჰეზბოლას“ წინააღმდეგ ომის ახალი ეტაპი დაიწყო. 2024 წლის 17 სექტემბერს „ჰეზბოლას“ აქტივისტებს პეიჯერები ხელში აუფეთქდათ ლიბანსა და სირიაში. 18 სექტემბერს ლიბანში აფეთქდა რადიოები და სხვა უკაბელო საკომუნიკაციო მოწყობილობები, რომლებსაც „ჰეზბოლას“ აქტივისტები იყენებდნენ. იყო ათობით დაღუპული და ათასობით დაჭრილი. 19 სექტემბერს ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF-„იდიეფი“) განახორციელა მასიური თავდასხმა „ჰეზბოლას“ ობიექტებზე. 20 სექტემბერს ბეირუთში „იდიეფის“ საჰაერო თავდასხმის შედეგად დაიღუპა „ჰეზბოლას“ სპეცრაზმის მეთაური, იბრაჰიმ აქილი და რადუანის სხვა მეთაურები. 21-22 სექტემბერს ისრაელის თავდაცვის ჯარებმა გაზარდეს თავდასხმების ინტენსივობა ლიბანის სამიზნეებზე.

23 სექტემბერს დაიწყო ომის ახალი ეტაპი: თავდასხმა განხორციელდა ათასობით სამიზნეზე. ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრომ პირველივე დღეს ასობით დაღუპული და ათასობით დაჭრილი გამოაცხადა. ლიბანში სამხედრო ოპერაციას ეწოდა „ჩრდილოეთის ისრები“. 27 სექტემბერს ბეირუთის გარეუბანში თავს დაესხნენ „ჰეზბოლას“ მთავარ შტაბს, მოკლეს ჰასან ნასრალა და მრავალი სხვა ლიდერი და მეთაური.

Recommended Posts

ინტერვიუ

„საქართველოსა და ისრაელს შორის მშვიდობისა და კულტურის ხიდს ვაშენებთ“ – აშდოდის ქართული კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი

ოპერაცია რკინის ხმლები 444-ე დღეა, მიმდინარეობს. IDF იბრძვის ღაზის სექტორში „ჰამასის“ წინააღმდეგ, ასევე ტერორისტების წინააღმდეგ იუდეასა და სამარიაში. ლიბანში „ცაჰალი“ რჩება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შენარჩუნების პოზიციაზე, ხოლო სირიაში თავდაცვითი ღონისძიებები ტარდება. ამასთან, შეტევითი ოპერაციები ტარდება იემენში „ჰუსიტების“ სამიზნეებზე, რომლებიც ბოლო პერიოდში ისრაელის […]

Michael
ინტერვიუ

მამუკა მამულაშვილი: „გავა რუსეთი საქართველოდან, არ წამოეგოთ პროვოკაციებს, სისხლისღვრას, ეს არის რუსეთის ინტერესი“

„ან გაიმარჯვებს ქართველი ერი, ან რუსეთი“ უკრაინაში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მებრძოლი „ქართული ლეგიონის“ მეთაური, მამუკა მამულაშვილი, აცხადებს, რომ საქართველოში პროცესები „მაიდნის“ იდენტური სცენარით მიმდინარეობს. „საქართველოში ხდება იგივე, რაც უკრაინაში ხდებოდა 2014 წელს. პრაქტიკულად, რუსეთის სპეცსამსახურებმა, რომლებიც, ვთქვათ ასე, ქვეყნის ევროპული ინტეგრაციიდან ჩამოშორების […]

Michael