ინტერვიუ საქართველოს მესამე პრეზიდენტთან გერმანული BILD-ისთვის _ რაზე საუბრობს პატიმრობაში მყოფი სააკაშვილი?!
მიხეილ სააკაშვილის შესახებ ვრცელი მასალა გერმანელი მკითხველისთვის ერთობლივად მოამზადეს მიხეილ ხაჩიძე, კარლ ვიქტორ ვაქსმა და ნინო ლოპესმა. ჟურნალისტებმა ექსკლუზიური ინტერვიუ „ქართული ოცნების“ ტყვეობაში მყოფი პრეზიდენტის დედისგან, გიული ალასანიასგანაც აიღეს.
Bild-ის სტატიაში ნათქვამია, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, უკვე მოითხოვა სააკაშვილის განთავისუფლება. ამასთან, როგორც ჟურნალისტი წერს, მიხეილ სააკაშვილი იყო პრეზიდენტი, რომელმაც საქართველო ევროპასთან დააახლოვა და თავისი ქვეყნის მომავალი დასავლეთს დაუკავშირა. მასალაში ნათქვამია, რომ ადამიანი, რომელიც კავკასიაში დემოკრატიის შუქურად და პუტინის უდიდეს მტრად მიიჩნეოდა, ახლა ციხეშია. ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ სააკაშვილი ტირან პუტინის პირადი პატიმარია.
შეგახსენებთ, რომ ინტერვიუს ჩაწერა საქართველოს მესამე პრეზიდენტთან წერილობითი სახით მოხერხდა, რადგან ამ ეტაპისთვის ეს ერთადერთი საკომუნიკაციო საშუალებაა მასთან საურთიერთოდ.
ექსკლუზიური ინტერვიუ მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან:
ბატონო მიხეილ, თქვენ პუტინის მიმართ მკაცრი კრიტიკით გამოირჩეოდით. ფიქრობთ, რომ მისი დავალებით საქართველოს ხელისუფლების პატიმარი ხართ? თუ კი, რა არის ამის მტკიცებულება?
აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. პუტინმა თქვა, რომ კვერცხებით დამკიდებდა, მან და მედვედევმა რამდენჯერმე ისაუბრეს ჩემი გასამართლების შესახებ. მათ 2 მილიარდი დოლარი მისცეს ივანიშვილს საარჩევნო კამპანიის საწარმოებლად. პირველი საქმეები აღიძრა, როგორც კი ოდესის გუბერნატორი გავხდი და იქ რუსების ექსპანსია შევაჩერე. დღესდღეობით საქართველოს ფლობს რუსი ოლიგარქი და როგორც შუასაუკუნეობრივი ფეოდალი, ისე მართავს ქვეყანას.
უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება თქვენ საჯაროდ გკლავთ. რა გავლენას მოახდენს ეს საქართველოს მომავალზე?
ზელენსკისთვის, რომელსაც მე თანამედროვეობის ჩერჩილად მივიჩნევ, ეს მნიშვნელოვანი საკითხია. ჯერ ერთი, უკრაინის რეფორმათა საბჭოს მოქმედი თავმჯდომარე ვარ, ჩემი კაბინეტი უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, მისი კაბინეტის გვერდითაა. ჩემდამი მოპყრობით პუტინი სიგნალს უგზავნის ზელენსკის, თუ რა ელის მას დაუმორჩილებლობისა და გამბედაობისთვის. საქართველოსთვის ჩემი მკვლელობა ქართული დემოკრატიისა და სუვერენიტეტის დასასრული იქნება. ხანდახან მგონია, რომ მოქმედ ხელისუფლებას სამოქალაქო ომის გამოწვევა უნდა, რადგან ფიქრობს, რომ ასე შეინარჩუნებს ხელისუფლებას.
თქვენი მხარდამჭერები ამბობენ, რომ რუსეთის დავალებით ივანიშვილის პირადი პატიმარი ხართ. რას მოუტანს მას თქვენი ტყვეობა?
ივანიშვილი ჭიპლარით არის მიბმული რუსეთზე. მას მოსწონს რუსული პოლიტიკური სისტემა. ამავე დროს, ის და მისი მარიონეტები ერთხმად აღიარებენ ივანიშვილის მესიჯით, რომ მე დასავლეთმა შემომაგზავნა მის დასამხობად, რაც სრული სისულელეა. ივანიშვილს ძალიან არ მოსწონს ჩემდამი სიმპათიის დიდი ტალღა დასავლეთში. ამას გარდა, ის პუტინს წყნარად აბარებს საქართველოს, მაგრამ ჩემზე გამახვილებულმა ყურადღებამ მათი გეგმა ჩაშალა. არ სურთ, რომ უკრაინაში დავბრუნდე და ზელენსკის დავეხმარო.
პუტინმა თქვა, რომ მაწამებდა. მარია ზახაროვამ ბაიდენის კიევში ვიზიტის საპასუხოდ საკუთარი პირით თქვა, რომ ჩემი პატიმრობა და მძიმე მდგომარეობა რუსეთის გამარჯვებაა.
„თუ სააკაშვილი ციხეში მოკვდება, მოკვდება საქართველოს ევროპული პერსპექტივაც“, _ ამ სიტყვების ავტორი რადოსლავ სიკორსკია. არის თუ არა დამოკიდებული საქართველოს ევროატლანტიკური მომავალი იმაზე, თუ როგორ განვითარდება მოვლენები თქვენთან დაკავშირებით?
ევროპული პერსპექტივა არ მოკვდება, მაგრამ ჩემი სიკვდილი რეალურად გამოიწვევს დიდ არეულობას საქართველოში.
ამდენად შორს წავა საქართველოს ხელისუფლება? შეუძლიათ, რეალურად გარისკონ და თქვენი სიკვდილი დაუშვან?
როცა კიევიდან წამოვედი, 120 კილო ვიყავი, დღეს ვარ, დაახლოებით, 65, მთელ სხეულში საშინელი ტკივილები მაქვს. ბოლომდე ლოგინად ვარ ჩავარდნილი, ხშირად ვკარგავ გონებას. ბევრს უკვირს, თუ როგორ ვარ ჯერ კიდევ ცოცხალი, იმის გათვალისწინებით, რომ თავის ტვინიც დაზიანებული მაქვს. „მრტ 1-ის“ კვლევის საფუძველზე ჩემი სიმპტომების უმეტესობა მოდის მძიმე მეტალებით მოწამვლისგან. საქართველოში არცერთ ლაბორატორიას არ აქვს ლიცენზია, ამიტომ დიაგნოზის დასმა და, მით უმეტეს, მკურნალობა, შეუძლებელია. პოლონეთის მთავრობამ ჩემ განსაკურნებლად მომიმზადა კლინიკა, თუმცა ასევე ვუშვებ ჩარიტეში წასვლას, სადაც ნავალნის უმკურნალეს.
რა არის თქვენი გზავნილი გერმანიისადმი?
გერმანია ჩემთვის ასოცირებულია სამართლიანობასთან. პირველ რიგში, ჩემი ბოლო საღამო ევროპაში გავატარე ფრანკფურტის ოპერის სახურავის რესტორანში ჩემს გერმანელ დეპუტატ მეგობრებთან ერთად. იმედია, კანცლერი შოლცი, მინისტრი ბერბოკი არ დაუშვებენ შუასაუკუნეობრივი მეთოდით წამებით სიკვდილს ყველას თვალწინ. საერთოდ, მინდა ვკითხო კანცლერ შოლცს, _ ნორმალურად მიგაჩნიათ, რომ ევროპაში არსებობს ქვეყანა, რომელსაც არაფორმალურად აკონტროლებს ოლიგარქი? ქვეყის უშიშროების აპარატი სრულიად ოლიგარქის კონტროლქვეშაა, პროკურატურა და სასამართლო რუსეთთან სასიცოცხლო ხაზებითაა დაკავშირებული.
რას ფიქრობთ, რატომ არ გიწყალებთ საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტი?
მას, მინიმუმ, შეუძლია სასჯელის აღსრულების გადავადება, ამიტომ მისი არგუმენტი, რომ ზოგიერთ საქმეებზე განაჩენი არ დამდგარა და ამიტომ ვერ მიწყალებს, საფუძველს მოკლებულია.