7 ოქტომბერს დილით ისრაელელებს სარაკეტო ტერორისა და ხოცვა-ჟლეტის კოშმარში გაეღვიძათ. ღაზის სექტორიდან „ჰამასის“ ასობით ტერორისტმა გადაკვეთა ისრაელის საზღვარი და იქ ბარბაროსული თავდასხმები განახორციელა, მათ დახოცეს მშვიდობიანი მოქალაქეები და აიყვანეს მძევლები.
„ჰამასის“ მიერ დაწყებულ სამხედრო ოპერაციას ისრაელის წინააღმდეგ ეწოდა „ალ-აქსას“ _ „ქარიშხალი“. შაბათს ისრაელი დაექვემდებარა მასობრივ სარაკეტო შეტევას, მებრძოლებმა შეაღწიეს სასაზღვრო ქალაქებში, ჩაიდინეს სასტიკი დანაშაულები, დახოცეს 1200-მდე ადამიანი და ტყვედ გაიტაცეს 300-მდე ისრაელელი და უცხოელი.
ოფიციალური მონაცემებით, 2023 წლის 7 ოქტომბერს ტერორისტებმა ისრაელის ტერიტორიიდან 253 ადამიანი გაიტაცეს. ამჟამად ღაზაში 134 გატაცებული (ცოცხალი და მკვდარი) იმყოფება. მათ შორის: 2014 წლიდან „ჰამასის“ ტყვეობაში მყოფი ოთხი ადამიანი; 130 ადამიანი გაიტაცეს 10/07/2023 _ 111 მამაკაცი (მათ შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვი) და 19 ქალი _ 119 ისრაელის მოქალაქე და 11 უცხოელი (რვა ტაილანდიდან, ერთი ნეპალიდან, ერთი ტანზანიიდან, ერთი საფრანგეთისა და მექსიკის მოქალაქე). დაკარგულად ითვლება კიდევ ერთი ისრაელელი ქალი. ღაზაში 33 გატაცებულის ცხედარი „ჰამას“ს კვლავ ტყვეობაში ჰყავს (2014 წელს გატაცებულის ჩათვლით).
ამის შემდეგ ისრაელი შევიდა საომარ მდგომარეობაში და ღაზის სექტორში დაიწყო ოპერაცია „რკინის ხმლები“. 27 ოქტომბერს ისრაელმა გამოაცხადა ღაზის სექტორში ოპერაციების მასშტაბის „გაფართოება“ და მალევე დაიწყო სახმელეთო წინსვლაც ღაზაში.
123 ადამიანი გაათავისუფლეს/გადაარჩინეს: ხუთი ისრაელელი გადაარჩინეს „ჰამასთან“ გაცვლის პირველ ფაზამდე, 81 ისრაელელი და 24 უცხოელი გაათავისუფლეს „ჰამასთან“ გაცვლის პირველ ეტაპზე (2023 წლის 24 ნოემბრიდან 30 ნოემბრამდე). ორი მძევალი გადაარჩინეს ისრაელელმა სამხედროებმა უნიკალური სპეცოპერაციისას 02/12/2024-ში.
***
ამ ბარბაროსული თავდასხმის შემდეგ 5 თვე გავიდა _ 5 თვეა, რაც ისრაელი ომს აწარმოებს ტერორისტების წინააღმდეგ, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, 157 დღე, 22 შაბათი. ამ პერიოდის განმავლობაში ისრაელის ჯარები უტევენ „ჰამასის“ სამხედრო კომპლექსებს, გვირაბებსა თუ სამალავებს. არაერთი ტოპტერორისტია ლიკვიდირებული. გამოხსნილია რამდენიმე მძევალიც. ჩატარებულია არაერთი წარმატებული და ხმაურიანი ოპერაცია.
ისრაელს ასეთი ზარალი არ განუცდია ბოლო 50 წლის განმავლობაში, იომ კიპურის ომის შემდეგ.
ღაზაში სახმელეთო სამხედრო ოპერაცია ოქტომბრის ბოლოდან დაიწყო. ღაზას სექტორში ტერორისტებთან ბრძოლების დროს IDF-მა მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა _ 27 ოქტომბრიდან (ღაზაში სახმელეთო ოპერაციის დაწყება) დაიღუპა 247 ჯარისკაცი (ღაზაში, ლიბანის საზღვართან, იუდეასა და სამარიაში) ისრაელის ტერიტორიაზე ტერორისტული თავდასხმების შედეგად). „ცაჰალის“ მონაცემებით, ომის დაწყებიდან ღაზაში, სულ მცირე, 13.000 ტერორისტი და მათი მეთაური მოკლეს („ჰამასი“ აღიარებს დაახლოებით 6000 მებრძოლის სიკვდილს). „ჰეზბოლა“ აცხადებს, რომ დაიღუპა მისი დაახლოებით 220 მებრძოლი და მეთაური.
აქვე უნდა გავიხსენოთ უპრეცედენტო სპეცოპერაცია პალესტინის ქალაქ ჯენინში _ ექიმებისა და ექთნების ფორმაში გადაცმულმა ისრაელელმა სამხედროებმა საავადმყოფოში გამაგრებული ტერორისტები გაანადგურეს.
30 იანვარს დილის 05:30 საათზე დასავლეთ სანაპიროს პალესტინის ქალაქ ჯენინის იბნ სინას საავადმყოფოს სათვალთვალო კამერებით გადაღებულ კადრებში ჩანან, Mაგავ-ის (ისრაელის სასაზღვრო პოლიცია. _ რედ.) YAMAM-ის კონტრტერორისტული ძალების მებრძოლები, რომლებიც ექიმებისა და ექთნების ფორმებში არიან გადაცმულები.
შენიღბულმა ებრაულმა, ელიტარულმა შენაერთმა საავადმყოფოს მესამე სართულზე მდებარე სამალავში გაანადგურა ტერორისტები და რამდენიმე წუთში უვნებელი დატოვა შენობა. პალესტინური მხარე იტყობინება, რომ უპრეცედენტო სპეცოპერაცია მხოლოდ 10 წუთს გაგრძელდა. თავის მხრივ, სპეცოპერაცია დაადასტურა ისრაელმაც. „ცახალის“ ცნობით, ტერორისტების ლიკვიდაციის ოპერაციაში YAMAM-ის კონტრტერორისტული ძალების მებრძოლებთან ერთად „შინ ბეტიც“ (ისრაელის შიდა დაზვერვ, _ რედ.) მონაწილეობდა.
ერთ-ერთი ტერორისტი, 27 წლის მუჰამედ ჯალამანა, ჯენინის ალქასამის ბრიგადების ლიდერი და სპიკერი იყო. ის ახლახან ჩაერთო სერიოზულ ტერორისტულ აქტივობებში, მათ შორის, ტერორისტებისთვის იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდებასა და რეიდების დაგეგმვაში.
როგორც ცნობილია, ის გასული წლის 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტით შთაგონებული, ებრაელების წინააღმდეგ ახალ თავდასხმას გეგმავდა. ამასთანავე, ტერორისტი ინარჩუნებდა კონტაქტებს საზღვარგარეთ „ჰამასის“ შტაბ-ბინასთან და მათთან შეთანხმებით მოქმედებდა.
ჯალამანასთან ერთად მოკლულია კიდევ ორი ტერორისტი ძმა: პირველი მუჰამედ რაზავი, ჯენინის ბატალიონების ოპერატორი გახლდათ და მონაწილეობდა ტერორისტული აქტების სერიაში. მეორე _ ბასელ რაზავი იყო ისლამური ჯიჰადის“ აქტივისტი.
სამივე ტერორისტი დიდი ხნის განმავლობაში იმალებოდა საავადმყოფოში. ისრაელის უშიშროების ძალებმა განაცხადეს, რომ ტერორისტებმა სამედიცინო კომპლექსები გამოიყენეს, როგორც ბაზა ისრაელის მოქალაქეებზე ტერორისტული თავდასხმების დასაგეგმად, ხოლო პაციენტებს ცოცხალ ფარად იყენებდნენ.
„ცახალი“ განმარტავს, რომ ოპერაცია დაზვერვისგან მიღებული ზუსტი ინფორმაციის საფუძველზე ჩატარდა და ამ ტიპის ოპერაცია ნამდვილად უპრეცედენტო იყო.
„IDF-ისა და უსაფრთხოების ძალები ყველას მიაღწევს“, _ განაცხადა ისრაელელმა მაღალჩინოსანმა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ომის 5 თვის თავზე გაეროს უშიშროების საბჭო ორშაბათს (დღეს) საგანგებო სხდომას გამართავს, რათა განიხილოს გაეროს წარმომადგენლის მიერ ამ კვირაში გამოქვეყნებული ანგარიში სექსუალური დანაშაულების შესახებ, სადაც დეტალურადაა აღწერილი პალესტინელი ტერორისტების მიერ 7 ოქტომბერს ჩადენილი სექსუალური ძალადობა მძევლების მიმართ. საბჭოს თხოვნით მიმართეს უშიშროების საბჭოს წევრებმა _ აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ აპირებს სხდომაზე დასწრებას ჯერ კიდევ „ჰამასის“ ტყვეობაში მყოფი მძევლების ნათესავებთან ერთად და გამოიყენებს შესაძლებლობას, მოსთხოვოს გაეროს „ჰამასის“ გამოცხადება ტერორისტულ ორგანიზაციად და მოითხოვოს მძევლების დაუყოვნებლივ განთავისუფლება.
უშიშროების საბჭომ უკვე მიიღო რამდენიმე რეზოლუცია მძევლების განთავისუფლების მოთხოვნით. ისრაელის ელჩი გაეროში გილად ერდანი ასევე დაესწრება შეხვედრას მას შემდეგ, რაც ისრაელში გაიწვიეს ისრაელ კაცთან კონსულტაციებისთვის გასული კვირის დასაწყისში.
„მადლობას ვუხდი ყველა ქვეყანას, ვინც მხარი დაუჭირა ჩვენს თხოვნას უშიშროების საბჭოს მოწვევის შესახებ, რათა განიხილონ მძიმე დასკვნები და გამოაქვეყნონ აშკარა დაგმობა „ჰამასის“ წინააღმდეგ მისი სექსუალური დანაშაულისთვის და მოვუწოდოთ დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ყველა მძევალი ღაზაში“, _ თქვა კაცმა და დასძინა, რომ ის ელოდება, უფრო მეტი ქვეყანა შეუერთდება ისრაელის მოთხოვნას.
„ეს არის სამართლიანობისა და მორალის დიდი გამარჯვება და მნიშვნელოვანი ნაბიჯია მძევლების სახლში მიყვანის გზაზე“, _ დასძინა ისრაელის პირველმა დიპლომატმა.
საგანგებო შეხვედრა მოითხოვეს გაეროს სპეციალური წარმომადგენლის, პრამილა პატენის კონფლიქტებში სექსუალური ძალადობის შესახებ მოხსენების გამოქვეყნების შემდეგ, სადაც მან განაცხადა, რომ არსებობს „მკაფიო და დამაჯერებელი ინფორმაცია“, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ ღაზაში ტყვეობაში მყოფი მძევლები ექვემდებარებოდნენ „სექსუალური ძალადობას, მათ შორის, გაუპატიურებას, სექსუალურ წამებას, სასტიკ, არაადამიანურ და დამამცირებელი მოპყრობას“.
პატენმა დაამატა, რომ მის ოფისს მიაჩნია, ასეთი მოპყრობა გრძელდება ღაზაში მყოფი მძევლების მიმართ.
მოხსენების გამოქვეყნების შემდეგ გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტერეშს უნდა მოეწვია უშიშროების საბჭო თავად, მაგრამ ეს ასე არ მოხდა, რის გამოც აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა სესიაზე ზეწოლა განახორციელეს.
პარასკევს თავის განცხადებაში ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა გუტერეშის წინააღმდეგ და დაადანაშაულა იგი მძევლების ტანჯვის მიმართ ბრმა და ყრუ დამოკიდებულებაში.
უნდა ითქვას ისიც, რომ ქალთა საერთაშორისო დღეს ისრაელში 19 ქალი გაიხსენეს, რომლებიც ტერორისტების ტყვეობაში რჩებიან. მძევლების ოჯახები შაბათს საღამოს თელ-ავივში შეიკრიბნენ, რათა კონკრეტულად მიექციათ ყურადღება ღაზის სექტორში ტერორისტების მიერ გატაცებულ 19 ქალის მდგომარეობაზე. საპროტესტო აქცია გაიმართა ლოზუნგის ქვეშ: „ჰამასის მიერ მძევლად აყვანილი 19 ქალი _ ქალთა საერთაშორისო დღე 2024 წელი“.
ათასობით ქალმა ცოცხალი ჯაჭვი გააკეთა და მსოფლიოს შეახსენა ტყვეობაში მყოფი ქალების ბედი. ისინი ხელისუფლებისგან ყველაფრის გაკეთებას მოითხოვენ მძევლების გასათავისუფლებლად.
ბოლო კვირების განმავლობაში კატარსა და კაიროში მოლაპარაკებებში ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მძევლების შეთანხმების მიღწევის მცდელობები გრძელდება. ხუთშაბათს მოლაპარაკებები ყოველგვარი პროგრესის გარეშე დასრულდა, რადგან ორივე მხარე კვლავაც ადანაშაულებს ერთმანეთს მოლაპარაკებების საბოტაჟში. შემდგომი შეხვედრები მომავალ კვირას დაიწყება. „ჰამასმა“ განაცხადა, რომ ისრაელი მძევლების განთავისუფლებამდე უნდა დათანხმდეს ცეცხლის მუდმივ შეწყვეტას, ისრაელის ჯარებმა უნდა დატოვონ ზოლი და ღაზის ყველა მოქალაქეს უნდა შეეძლოს დაბრუნება საკუთარ სახლებში. ისრაელმა საჯაროდ გამორიცხა ცეცხლის მუდმივი შეწყვეტის ვერსია და განაცხადა, რომ იგი განაახლებს „ჰამასის“ განადგურების კამპანიას ნებისმიერი დროებითი ზავის შემდეგ.
ექვსკვირიანი ზავის პირველადი მონახაზი, რომელიც უკვე უარყო „ჰამასმა“, ითვალისწინებს 40 ბავშვის, ქალის, მოხუცისა და ავადმყოფი მძევლის განთავისუფლებას პირველ ეტაპზე, დაახლოებით 400 პალესტინელი პატიმრის სანაცვლოდ, შემდგომი განთავისუფლების შესაძლებლობით.
ითვლება, რომ „ჰამასის“ მიერ 7 ოქტომბერს გატაცებული 130 მძევალი რჩება ღაზაში, მას შემდეგ რაც 105 მშვიდობიანი მოქალაქე გაათავისუფლეს ნოემბრის ბოლოს ერთკვირიანი ზავის დროს. IDF-მ დაადასტურა ტყვეთაგან, სულ მცირე, 31-ის დაღუპვა.
მანამდე გაათავისუფლეს ოთხი მძევალი, ჯარისკაცებმა სამი მათგანი გადაარჩინეს, ასევე იპოვეს 11 მძევლის ცხედარი, მათ შორის სამი სამხედროებმა შეცდომით მოკლეს. კიდევ ერთი ადამიანი, ბილჰა იინონი, 7 ოქტომბრიდან დაკარგულად ითვლება და მისი ბედი, ჯერჯერობით, უცნობია.
„ჰამასს“ 2014 წლიდან ასევე ტყვეობაში აქვს ისრაელის თავდაცვის ძალების დაღუპული ჯარისკაცების, ორონ შაულისა და ჰადარ გოლდინის ცხედრები.
რა მდგომარეობაა ფრონტზე? როგორია ისრაელის დიპლომატია? რას უნდა ველოდეთ უახლოეს მომავალში? როგორ განვითარდება პროცესები? _ ამ და სხვა საკითხების შესახებ „ქრონიკა+“-ისთვის ინტერვიუ ჩავწერე ისრაელის ელჩთან საქართველოში, ჰადას მეიცადისთან:
_ ქალბატონო ჰადას, რამდენი მძევალი რჩება დღეს ტერორისტებთან და რა ხდება ამ მხრივ? ვიცი, რომ აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს მათ დასახსნელად.
ამჟამად ღაზის სექტორში 130 გატაცებული რჩება: 111 მამაკაცი, 19 ქალი, რომელთაგან ორი ბავშვია, 11 უცხოელი. „ჰამასი“ აგრძელებს სისასტიკესა და ცინიკურ მოქმედებებს. ის უარს ამბობს რაიმე ინფორმაციის მიწოდებაზე მათი მდგომარეობის შესახებ და არ უშვებს საერთაშორისო ორგანიზაციას ნებისმიერი ტიპის ინფორმაციის წვდომაზე.
ჩვენ ვიცით უკან დაბრუნებული მძევლებისგან, რომ „ჰამასის“ ტერორისტები მოქმედებენ ძალადობრივად, მათ შორის, ადგილი ჰქონდა სექსუალურ ძალადობას ისრაელელ მძევლებზე. 111 მამაკაცს შორის არის 70 წელს გადაცილებული ორი მამაკაცი და 2 ჩვილი. ეს არის 150-ზე მეტი დღე სისასტიკისა. ყოველ ჯერზე, როდესაც შეთანხმებას სთავაზობენ წინა გარიგების შემდეგ, „ჰამასი“ უარყოფს და შლის მას.
როგორია ისრაელის პოზიცია დიპლომატიის კუთხით მსოფლიო მასშტაბით? რამდენად აქტიურად იყენებს დიპლომატიას ამ ომში, თუნდაც ვისაუბროთ საქართველოს კონტექსტში. გაქვთ კარგი და დადებითი გამოხმაურება და მხარდაჭერა მთავრობისგან?
ისრაელის დიპლომატიური კორპუსი ეროვნული უსაფრთხოების განუყოფელი ნაწილია. ომის პარალელურად, რომელსაც IDF აწარმოებს „ჰამასის“ ტერორისტების წინააღმდეგ ღაზაში, ჩვენ ასევე ვებრძვით ლეგიტიმაციისა და ინფორმაციის ომს.
ისრაელის დიპლომატები მთელ მსოფლიოში 7 ოქტომბრის შემდეგ დაუღლელად მუშაობენ იმის უზრუნველსაყოფად, რომ ისრაელი გააგრძელებს მხარდაჭერას ორმხრივად გაეროს არენაზე ძირითადი სახელმწიფოებისა და დაინტერესებული მხარეების მიერ. პარალელურად ებრაელი დიპლომატები მუდმივად მუშაობენ, რათა საზოგადოებამდე მიიტანონ ომის შესახებ ფაქტები და ზუსტი ინფორმაცია. მიზანმიმართული დეზინფორმაციით დატბორილ სამყაროში ჩვენ გვჯერა, რომ მნიშვნელოვანია ვიყოთ ზუსტი და სანდო.
როგორია ისრაელის გეგმა უახლოეს მომავალში დიპლომატიური თუ სამხედრო თვალსაზრისით?
ამ ომის მიზნები განსაზღვრულია და დღემდე მოქმედებს, ეს არის
„ჰამასის“ შესაძლებლობების დემონტაჟი და ყველა მძევლი სახლში დაბრუნება. ბოლო დღეებში ჩვენ აღვნიშნეთ დედის დღე და ქალთა დღე. 19 ისრაელელი ქალი ჯერ კიდევ „ჰამასის“ ხელშია, ძალიან ბევრი ისრაელელი დედა შეშფოთებულია საყვარელი ადამიანების გამო.
გაეროს წარმომადგენელმა კონფლიქტში სექსუალური ძალადობის საკითხებში გამოაქვეყნა თავისი მოხსენება (4.3) 7 ოქტომბრის მოვლენების შესახებ, რომელიც დაიწერა ისრაელში მისი ბოლო ვიზიტის შემდეგ მის თანამშრომლებთან ერთად.
ანგარიში ადასტურებს ისრაელის პრეტენზიებს 7 ოქტომბერს „ჰამასის“ ტერორისტების მიერ ჩადენილი გაუპატიურების, შეურაცხყოფისა და სხვა სასტიკი ფაქტების შესახებ, როგორც მკვლელობების, ასევე გატაცებების კუთხით. სამწუხაროდ, არ არსებობს რაიმე მითითება იმისა, რომ გაეროს გენერალური მდივანი ან გაეროს რომელიმე სხვა ინსტიტუტი განახორციელებს რაიმე ზომებს მოხსენების განსახორციელებლად.
ჩვენ ყველას უნდა გვახსოვდეს 7 ოქტომბერი, ყველაზე საშინელი ტერორისტული თავდასხმა, რომელიც მსოფლიოს უნახავს ბოლო წლების განმავლობაში. „ჰამასი“ დღეს საფრთხეს წარმოადგენს არა მხოლოდ ისრაელისთვის და ღაზის ხალხისთვის, არამედ მთელი ლიბერალური, სიცოცხლის მოყვარული სამყაროსთვის.
ქალბატონო ჰადას, როგორ შეაფასებთ დღეს ისრაელში არსებულ ვითარებას?
7 ოქტომბერს „ჰამასის“ ტერორისტებმა მოაწყვეს სასტიკი ხოცვა-ჟლეტა, რის შედეგადაც ჩემი ხალხის 1200-ზე მეტი წარმომადგენელი დაიღუპა. 239 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის, ხანდაზმული ადამიანები, ქალები, ბავშვები და ჩვილი, გაიტაცა „ჰამასმა“, რომელიც IშIშ-ის მსგავსი ტერორისტული ორგანიზაციაა ღაზაში.
ისრაელის ქალაქები და ცენტრები „ჰამასისა“ და ლიბანის საზღვართან ახლოს ტერორისტული ორგანიზაცია „ჰეზბოლას“ მიერ გამოსროლილი რაკეტების საფრთხის ქვეშ კვლავ არიან.
„ჰამასის“ ტერორისტული თავდასხმის შემდეგ ისრაელი მოქმედებს „ჰამასის“ მმართველობის დასასრულებლად, მისი სამხედრო შესაძლებლობების განადგურებისა და ღაზის ზოლიდან მის მოქალაქეებზე წარმოქმნილი საფრთხის აღმოსაფხვრელად. ისრაელის არმია სარგებლობს ძლიერი საზოგადოებრივი მხარდაჭერით ბარბაროსული ტერორისტული ორგანიზაციის წინააღმდეგ ამ მნიშვნელოვან ბრძოლაში.
რა შეგიძლიათ გვითხრათ ღაზის სექტორში მიმდინარე ოპერაციების შესახებ? ძირითადად, პოლიტიკურ კონტექსტში, რადგან მაინც ხშირად ისმის ბრალდებები გარკვეულწილად ისრაელის მიმართ, რომ თითქოს იგი ბრუტალურად მოქმედებს და ა. შ.
ისრაელი ებრძვის სასტიკ და ბრუტალურ ტერორისტულ ორგანიზაციას. „ჰამასი“ აღიარებულია, როგორც ტერორისტული ორგანიზაცია მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, ხოლო 7 ოქტომბრის მოვლენები ეჭვგარეშეა, მის ნამდვილ სახეს აჩვენებს და მის მანკიერ დღის წესრიგს კიდევ ერთხელ ცხადყოფს. ამ თავდასხმის პირველი დღიდან ისრაელი იძულებული გახდა, ჩართულიყო თავდაცვით ომში. ისრაელი ატარებს თავის სამხედრო ოპერაციას საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. ისრაელი მაქსიმალურად აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ დაიცვას თავისი მოქალაქეები, ასევე შეამციროს ზიანის მიყენება პალესტინელებისთვის, ხოლო „ჰამასი“ საპირისპიროს აკეთებს:იყენებს საავადმყოფოების, სამედიცინო დაწესებულებებისა და სასწრაფო დახმარების მანქანებს სამხედრო მიზნებისათვის. ღაზის მთავარი საავადმყოფოების ქვეშ ცემენტირებული გვირაბების ფართო ქსელია, რომელიც „ჰამასის“ საკონტროლო პოსტებისთვის გამოიყენება.
ჩვენ ვიხილეთ შიფას საავადმყოფოს უსაფრთხოების კამერის კადრები, სადაც ასახულია, თუ როგორ შეიყვანეს მძევლები შიფას საავადმყოფოში, საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალის დახმარებით. საავადმყოფოს ქვეშ მდებარე გვირაბები გამოიყენება „ჰამასის“ ტერორისტული საქმიანობის ჩასატარებლად და მძევლების დასამალად.
„ჰამასის“ ერთ-ერთი განზრახვაა ისრაელზე საერთაშორისო ზეწოლის გაზრდა ცრუ ციფრებისა და ბრალდებების გავრცელებით. ჩვენ ყველას გვახსოვს „ჰამასის“ მიერ პალესტინის ალ-ალჰის საავადმყოფოში ისრაელის დადანაშაულების მცდელობები. ამიტომ ყველას ვურჩევ, იყვნენ უკიდურესად ფრთხილად, როცა „ჰამასის“ მიერ გავრცელებულ მასალას ეცნობიან.