![](https://www.michaelkhachidze.ge/wp-content/uploads/2025/02/r1Vdd11eYke_0_90_3000_1688_0_x-large.webp)
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ღაზის სექტორის კონტროლის გეგმა და ანკლავის მაცხოვრებლების გადასახლება ბოლო წუთამდე მკაცრ საიდუმლოდ შეინახა და დეტალებს მხოლოდ უახლოეს მრჩევლებს უზიარებდა. ამის შესახებ ოთხშაბათს, 5 თებერვალს, The Wall Street Journal-მა ადმინისტრაციის ორ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით დაწერა.
ტრამპის მხოლოდ რამდენიმე ყველაზე სანდო თანაშემწემ იცოდა ინიციატივის შესახებ. გამოცემის წყაროების თანახმად, ღაზის გაკონტროლების იდეა ახლახან გაჩნდა და ბოლო დღეებში პრეზიდენტი მას ახლო თანამოაზრეებთან აქტიურად განიხილავდა.
„ჩვენ გავაკონტროლებთ იმ ადგილს (ღაზის სექტორს) და გავანეიტრალებთ იქ არსებულ ყველა ბომბს.. და ხელს შევუწყობთ ამ ადგილის ეკონომიკურ განვითარებას, შევქმნით უამრავ სამუშაო ადგილს“, – თქვა ტრამპმა, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ.
აშშ-ს პრეზიდენტმა ასევე არ გამორიცხა სექტორში ამერიკული ჯარების გაგზავნა. ტრამპმა ასევე დააკონკრეტა: “რეგიონის მდიდარმა ქვეყნებმა უნდა დააფინანსონ ეს პროცესი. მათ (პალესტინელებს) შეუძლიათ წავიდნენ ერთ ადგილას, ან შვიდში, ან თორმეტში. ჩვენ გარანტიას ვაძლევთ, რომ რაღაც საოცარი შეიქმნება. ჩვენ გვექნება მშვიდობა, არ იქნება სროლა, არ იქნება მკვლელობა, არ იქნება განადგურება.”
![](https://www.michaelkhachidze.ge/wp-content/uploads/2025/02/r1fdtxuxYJg_0_115_3000_1688_0_x-large.webp)
თავის მხრივ, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მხარი დაუჭირა ინიციატივას და აღნიშნა, რომ მთავარი მიზანია ღაზა ტერორისტების თავშესაფრი აღარ იყოს. “ტრამპმა ეს კონცეფცია ბევრად უფრო მაღალ დონეზე აიყვანა. ეს არის ის, რასაც შეუძლია შეცვალოს ისტორიის მიმდინარეობა და ეს არის მოგზაურობა, რომელიც ნამდვილად ღირს”, – დასძინა მან.
![](https://www.michaelkhachidze.ge/wp-content/uploads/2025/02/SJdYg00ltkl_0_290_3000_1688_0_x-large-1.webp)
როგორც მოსალოდნელი იყო, ტრამპის გეგმა პალესტინელებში ძლიერ წინააღმდეგობას შეხვდა. ტერორისტულმა ჰამასმა გამოაქვეყნა ოფიციალური განცხადება: “ჩვენ მკაცრად ვგმობთ აშშ-ს პრეზიდენტის განცხადებებს, რომლის მიზანია აშშ-ს მიერ ღაზის სექტორის ოკუპაცია და ჩვენი პალესტინელი ხალხის გაძევება. ეს განცხადებები ჩვენ მიმართ მტრულია, არ ემსახურება რეგიონის სტაბილიზაციას და მხოლოდ ნავთის დასხმაა კონფლიქტის ცეცხლზე.”