უკრაინის პრეზიდენტი ვილნიუსში გადამწყვეტ შეხვედრამდე მოკავშირეებს სტუმრობს; ვოლოდიმირ ზელენსკი ჩეხეთსა და სლოვაკეთს ეწვია; წინა დღეს კი ბულგარეთში ჩავიდა; სლოვაკეთიდან თურქეთში გაემგზავრა. ის უკრაინაში ხელცარიელი არ დაბრუნებულა, არამედ თან წაიღო სამხედრო დახმარების ახალი პაკეტები და უკრაინის ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერის პირობები.

შესაძლოა, ზელენსკის ეს ვიზიტები არ არის ისეთი გახმაურებული, როგორც ბერლინი-პარიზი-ლონდონის ტურნე, მაგრამ ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ვილნიუსის სამიტამდე მოგზაურობა აუცილებელი და ბევრის მომცემია. სერიოზული გადაწყვეტილებების გამოცხადებაზე ზელენსკის ბიზნესვოიაჟი საქმეს პოზიტიურად წაადგება.


უკრაინის პრეზიდენტის კორტეჟი პრაღის ციხესიმაგრეში მივიდა. ეს ვოლოდიმირ ზელენსკის პირველი სამუშაო ვიზიტია ჩეხეთში. მას ჩეხეთის ლიდერი პეტრ პაველი დახვდა. კამერასთან მისალმების შემდეგ მოლაპარაკება გაიმართა სასახლეში, დახურულ კარს მიღმა. საუბრის მთავარი თემაა უკრაინის მომავალი გაწევრიანება ნატოში და ვილნიუსის სამიტი. ამასთან, მოკავშირეებმა უნდა თქვან თავიანთი აზრი უკრაინის გაწევრიანების პერსპექტივაზე. ჩეხეთის რესპუბლიკის პოზიცია ნათელი და ცალსახაა.

„სავსებით ნათელია, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება ჩეხეთის ინტერესებში შედის. მნიშვნელოვანია, რომ უკრაინამ ომის დასრულებისთანავე დაიწყოს მოლაპარაკებები ალიანსში გაწევრიანების შესახებ. ეს მოემსახურება ეროვნულ უსაფრთხოებას, რეგიონულ სტაბილურობასა და ეკონომიკურ კეთილდღეობას. ამავდროულად, უკრაინის პოზიცია გაძლიერდება იმით, რომ უკრაინა-ნატოს საბჭო პირველ შეხვედრას გამართავს სამიტის ფარგლებში, სადაც უკრაინა ნატოს სხვა წევრ ქვეყნებთან თანაბარ პირობებში იჯდება“, _ განაცხადა ჩეხეთის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა.


ახალ დონეს აღწევს ჩეხეთის თავდაცვის მხარდაჭერაც. „უკრაინა მიიღებს თავდასხმის შვეულმფრენებსა და 100 000 მსხვილკალიბრიან საბრძოლო მასალას“, _ განაცხადა ჩეხეთის მთავრობის მეთაურმა პეტრ ფიალამ. პრაღა ასევე მიიღებს მონაწილეობას უკრაინელი მფრინავების მომზადებაში, კერძოდ F-16 გამანადგურებლებზე. კიევი მიიღებს ავიაციის სიმულატორს ჩეხეთიდან. ეს ხელს შეუწყობს უკრაინელი მფრინავების მომზადებას. არ არის დაკონკრეტებული, რა სახის როტორკრატებს ამზადებს ჩეხეთი შეიარაღებული ძალებისთვის. თუმცა ადგილობრივი მედია მიუთითებს, რომ ჩეხეთის არმიის საწყობებში რუსული და საბჭოთა წარმოების სამ ათეულამდე ეკიპირებაა.


„დღეს მე დავუდასტურე ბატონ პრეზიდენტს, რომ ჩეხეთი უახლოეს თვეებში უკრაინას თავდასხმის შვეულმფრენებსა და კიდევ 100 000 ცალი დიდი კალიბრის ჭურვებს გადასცემს. უნდა ითქვას, რომ აღფრთოვანებულები ვართ, თუ როგორ გაბედულად იცავს თავს უკრაინა რუსეთის ბარბაროსული თავდასხმისგან. მოხარული ვარ, რომ ჩვენი სამხედრო დახმარების მიწოდება ხელს უწყობს გაბედულ და წარმატებულ თავდაცვას“, _ განაცხადა პეტრ ფიალამ.


უკრაინის პრეზიდენტი მადლობას უხდის ჩეხეთს მხარდაჭერისთვის, მაგრამ შეახსენებს, რომ მოსკოველთა შესაკავებლად შორი მოქმედების იარაღია საჭირო. მანამდე ამ საკითხზე უკრაინის ლიდერმა CNN-თან ექსკლუზიურ ინტერვიუშიც ისაუბრა. ზელენსკის მიაჩნია, რომ კონტრშეტევაც სწორედ იმიტომ ჭიანურდება, რომ დასავლელი პარტნიორები უკრაინას შორი მოქმედების იარაღს ჯერ არ აწვდიან.


„შორი დისტანციური იარაღის გარეშე რთულია არა მხოლოდ შეტევითი მისიის შესრულება, ძნელია, სიმართლე გითხრათ, თავდაცვითი ოპერაციის ჩატარებაც. ძალიან რთულია ის, რომ შენს მიწას იცავ და ვერ აღწევ შესაბამის მანძილზე რუსების გასანადგურებლად. ამიტომ შორი დისტანციური იარაღი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ შეტევისთვის, არამედ თავდაცვისთვისაც“, _ ხაზგასმით აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.


პრაღაში ვიზიტის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკი მეზობელ სლოვაკეთში გაემგზავრა. ბრატისლავაში მას ქვეყნის პრეზიდენტი ზუზანა ჩაპუტოვა დახვდა. სასახლესთან ოფიციალური ცერემონია გაიმართა, სადაც უკრაინის ლიდერს ტრადიციული საკვებიც დააგემოვნებინეს. მისი ჩეხი კოლეგის მსგავსად, ჩაპუტოვამ მხარი დაუჭირა უკრაინის ნატოში გაწევრიანებას. მისი თქმით, ვილნიუსის სამიტიდან კონკრეტულ გადაწყვეტილებებს ელის, კერძოდ კიევსა და ალიანსს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას.


„უკრაინას უნდა ჰქონდეს პერსპექტივა ალიანსში. ეს არ არის რუსეთის გადასაწყვეტი, ვინ იქნება ალიანსში და ვინ _ არა. ეს უნდა იყოს თავად სუვერენული სახელმწიფოს გადაწყვეტილება. სამიტიდან ველით კონკრეტულ ნაბიჯებს: პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავებას, პოლიტიკურ თანამშრომლობას. როდესაც უკრაინა გადაწყვეტს, რომ ომის დასრულების შემდეგ ბლოკში გაწევრიანდეს, შეასრულოს ყველა ვალდებულება, ის აუცილებლად გახდება ალიანსის წევრი“, _ განაცხადა სლოვაკეთის პრეზიდენტმა, ზუზანა ჩაპუტოვამ.

სამხედრო აღჭურვილობის გარეშე უკრაინა, ჩეხეთის მსგავსად, ამჯერადაც არც სლოვაკეთმა დატოვა. ბრატისლავა კიევს 16 Zuzana-სა და 2 თვითმავალ ჰაუბიცას გადასცემს. ეს დანადგარები უკვე ეხმარება უკრაინელ დამცველებს, გაანადგურონ დამპყრობლები ფრონტზე. და მალე სახელმწიფოები დაიწყებენ საბრძოლო მასალისა და საარტილერიო დანადგარების ერთობლივ წარმოებას. გარდა ამისა, სლოვაკეთი დაეხმარება უკრაინას ტერიტორიების განაღმვაში.


„მადლობელი ვარ თავდაცვითი მხარდაჭერისთვის, ასეთი მხარდაჭერისთვის მთელი ამ თვეების განმავლობაში და კონკრეტულად ახლა. ცოტა ხნის წინ გაფორმდა ხელშეკრულება 16 თვითმავალი ჰაუბიცა Zuzana-ს გადაცემაზე. ვმუშაობთ სხვა ერთობლივ პროდუქციაზეც. მათ შორის, ჭურვებისა და იარაღის წარმოებაზე“, _ აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

უკრაინის პრეზიდენტის ტური ამით არ დასრულებულა. შემდეგი გაჩერება თურქეთი იყო. ვოლოდიმირ ზელენსკი იქ რეჯეფ ტაიპ ერდოღანს შეხვდა. მათ ისაუბრეს უკრაინის ნატოში გაწევრიანების პერსპექტივებზე. ასევე ანკარის დახმარების შესახებ პატიმრების გაცვლაში და მარცვლეულის შეთანხმების გახანგრძლივებაზე. ინიციატივას ვადა 17 ივლისს ეწურება. მისი გახანგრძლივების მომხრეები არიან ევროკავშირი, აშშ და გაერო, ხოლო რუსეთი, ტრადიციულად, შეთანხმების ჩაშლას ცდილობს.

ამას გარდა, უკრაინამ და თურქეთმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს სტრატეგიული მრეწველობის სფეროში. მის მთავარ თემებს შორისაა უპილოტო საფრენი აპარატების განვითარება და კოსმოსური ტექნოლოგია. მემორანდუმს ხელი მოაწერეს უკრაინის სტრატეგიული მრეწველობის მინისტრმა ალექსანდრ კამიშინმა, ასევე თურქეთის მრეწველობისა და ტექნოლოგიების მინისტრმა მეჰმედ ფატიჰ კაჯირმა.


_ ავტონომიური სატრანსპორტო საშუალებების, მათ შორის, უპილოტო საფრენი აპარატების წარმოების შესაძლებლობების განვითარება;
_ სხვადასხვა ტიპის უპილოტო საფრენი აპარატის წარმოების გაზრდა;
_ კვლევა და განვითარება ორი ქვეყნის სტრატეგიული ინდუსტრიების ავტონომიური სისტემების, კოსმოსური და სხვა ტექნოლოგიური სექტორების სფეროში;
_ სხვა ტექნიკური თანამშრომლობა, რომელიც აუცილებელია სტრატეგიული მრეწველობის განვითარებისთვის.

აღნიშნულია, რომ მემორანდუმი ხელს შეუწყობს სახელმწიფოებს შორის პარტნიორობის გაძლიერებას და დიდი სტრატეგიული მნიშვნელობის ტექნოლოგიებისა და ინდუსტრიების განვითარებას. დოკუმენტს ხელი მოეწერა უკრაინისა და თურქეთის პრეზიდენტების თანდასწრებით. მემორანდუმის გაფორმებამდე ორი ქვეყნის პირისპირ შეხვედრა

სტამბოლში გაიმართა, რომელიც 2 საათსა და 30 წუთს გაგრძელდა. ამის შემდეგ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინა ნატოს წევრობას იმსახურებს.

თურქეთში ვიზიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტი მსოფლიო პატრიარქ ბართლომესაც შეხვდა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ პატრიარქს გააცნო ფრონტზე არსებული ვითარება და რუსეთის შეიარაღებული ძალების ბოლოდროინდელი დანაშაულებები მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. შეხვედრაზე ასევე განიხილეს უკრაინული მშვიდობის ფორმულა და უკრაინიდან უკანონოდ დეპორტირებული ბავშვების დაბრუნების საკითხი. ამის შემდეგ მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ სტამბოლში, წმინდა გიორგის საკათედრო ტაძარში, ომში დაღუპული უკრაინელებისთვის პარაკლისი გადაიხადა, რომელსაც ზელენსკი და უკრაინის ოფიციალური დელეგაცია დაესწრო.

„მადლობა მსოფლიო პატრიარქ ბართლომეს უკრაინისა და უკრაინელების სულიერი მხარდაჭერისთვის, ლოცვებისთვის მთელი ჩვენი მიწისა და მთელი ჩვენი ხალხის გადასარჩენად. გმადლობთ, თქვენი ურყევი მხარდაჭერისთვის, აგრესიისა და დანაშაულების დაგმობისთვის, ომის შედეგად დაზარალებული უკრაინელების ყოვლისმომცველი დახმარებისთვის!“ _ თქვა ზელენსკიმ.


ასეთი იყო უკრაინის ლიდერის ბოლო დღეები. ზელესნკი თურქეთიდან უკრაინაში დაბრუნდა და შაბათ დილით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან მე-500 დღეს, დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელ კირილ ბუდანოვთან ერთად ზმიინის კუნძულს (გველის კუნძული; ოდესის იზმაილსკის ოლქის ნაწილი, _ რედ.) ეწვია, რომელიც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსი ოკუპანტებისგან გასულ წელს გაათავისუფლეს.

„დღეს ჩვენ პატივი მივაგეთ ჩვენს უკრაინელ გმირებს, რომლებიც იბრძოდნენ ამ კუნძულისთვის, რომლებმაც გაათავისუფლეს იგი. მიუხედავად იმისა, რომ ეს არის პატარა მიწის ნაკვეთი ჩვენი შავი ზღვის შუაგულში, ეს არის დიდი დასტური იმისა, რომ უკრაინა დაიბრუნებს თავისი ტერიტორიის ყველა ნაწილს. მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ ჩვენს ჯარისკაცს აქედან, ამ ადგილიდან, გამარჯვების ადგილიდან!“ _ აღნიშნა პრეზიდენტმა.

Recommended Posts

მსოფლიო

როგორ დაატყვევეს ისრაელის კომანდოსებმა ჰეზბოლას საზღვაო ოპერატორი ლიბანში

ლიბანურმა წყაროებმა, რომლებიც დაკავშირებულია ჰეზბოლასთან, 2 ნოემბერს, შაბათს ნაშუადღევს  გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ისრაელის საზღვაო ძალების დიდი ჯგუფი, ჩავიდა ჩრდილოეთ ლიბანის ქალაქ ბატრუნის სანაპიროსთან, ისრაელის საზღვრიდან 140 კილომეტრში და იქ დააკავეს ამ ტერორისტული ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი. რამდენიმე საათის შემდეგ, ინფორმაცია მაღალი რანგის მებრძოლის […]

Michael
მსოფლიო

ისრაელის შეუდარებელი საჰაერო მემკვიდრეობა: 3 ყველაზე წარმოუდგენელი ოპერაცია

შაბათს, დილით თეირანში, შირაზსა და ყარაჯში ისრაელის ოპერაცია განხორციელდა. ისრაელის საჰაერო ძალებმა, რომლებიც ატარებდნენ ოპერაცია “მონანიების დღეებს”, განახორციელეს სამტალღოვანი შეტევა ირანის სარაკეტო და უპილოტო ობიექტებზე – ისრაელის 100-ზე მეტი  თვითმფრინავი, მათ შორის მოწინავე F-35 გამანადგურებელი, მონაწილეობდა ამ მაღალ გათვლილ ოპერაციაში. მიზანი ნათელი […]

Michael