„საქართველოსა და ისრაელს შორის მშვიდობისა და კულტურის ხიდს ვაშენებთ“ – აშდოდის ქართული კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი
ოპერაცია რკინის ხმლები 444-ე დღეა, მიმდინარეობს. IDF იბრძვის ღაზის სექტორში „ჰამასის“ წინააღმდეგ, ასევე ტერორისტების წინააღმდეგ იუდეასა და სამარიაში. ლიბანში „ცაჰალი“ რჩება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შენარჩუნების პოზიციაზე, ხოლო სირიაში თავდაცვითი ღონისძიებები ტარდება. ამასთან, შეტევითი ოპერაციები ტარდება იემენში „ჰუსიტების“ სამიზნეებზე, რომლებიც ბოლო პერიოდში ისრაელის მიმართულებით რაკეტებს აქტიურად უშვებენ _ ისინი ცვლიან განადგურებულ „ჰამასსა“ და მაქსიმალურად დასუსტებულ „ჰეზბოლას“. ეს ის ძალაა, რომელსაც ახლა ირანი ისრაელის წინააღმდეგ იყენებს.
ყველაფერი კი 2023 წლის შაბათს, 7 ოქტომბერს, დილის 07:00 საათზე, სიმხატ თორის დღესასწაულზე დაიწყო. ღაზის სექტორიდან ტერორისტულმა ორგანიზაციებმა ერთობლივი შეტევა დაიწყეს ისრაელის წინააღმდეგ. ტერორისტები ხმელეთიდან, ზღვიდან და ჰაერიდან შეიჭრნენ ისრაელში, პარალელურად მასიური სარაკეტო სროლა წამოიწყეს სამხრეთით და ცენტრში, ჰაშარონის რაიონამდე. ჰამასის ბარბაროსებმა სასტიკად მოკლეს 1200-ზე მეტი ადამიანი, 200-მდე კი ტყვედ წაიყვანეს. ამის საპასუხოდ IDF-მა დაიწყო ოპერაცია „რკინის ხმლები“ (Harvot Barzel), რომელიც ახლაც გრძელდება. ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები მიიჩნევენ, რომ „ჰამასი“ 2022 წლის დასაწყისიდან ამზადებდა შეჭრას. იგი საგულდაგულოდ იყო დაგეგმილი და საფუძვლიანად უზრუნველყოფილი იარაღითა და დაზვერვით.
2023 წლის აქტიური ომის დროს „ჰამასთან“, რა თქმა უნდა, იყო დაძაბული მომენტები ისრაელში, მაგრამ ცხოვრება არ შეჩერებულა. ისრაელელები სამსახურში მიდიოდნენ და ცდილობდნენ, რაც შეიძლება ნორმალური ცხოვრება შეენარჩუნებინათ. რატომ? რადგან მათ იციან ის, რასაც მედია არ გეუბნებათ: ისრაელი გამძლე და ძლიერია. უსაფრთხოება აქ არ ეხება მხოლოდ ფიზიკურ უსაფრთხოებას – ეს ეხება ხალხის სულსაც. ისრაელელები არ ნებდებიან შიშს. ეს დასავლელებისთვის შესანიშნავი გაკვეთილია, რომ უყურონ და გაიგონ, როგორ ცხოვრობენ ისრაელელები გამოწვევების მიუხედავად, ტკბებიან ყოველი წუთით. ისრაელი არ არის მხოლოდ ადგილი – ეს არის გადარჩენის, გამძლეობისა და იმედის ისტორია.
მიუხედავად საომარი მოქმედებებისა, შეტაკებებისა და ბრძოლებისა, პლუს პერიოდული სარაკეტო თავდასხმებისა, კულუტურული თუ პოლიტიკური ცხოვრება ისარელში აქტიურ ფაზაში გრძელდება. 2024 წლის აგვისტოდან ისრაელის ქალაქ აშდოდის თემის ხელმძღვანელი და ქართველ ებრაელთა კულტურისა და მემკვიდრეობის ცენტრის დირექტორი, ქართველი-ებრაელი იეჰუდა ნანიკაშვილია. ის პასუხისმგებელია ქალაქის ქართულ-ებრაულ თემთან ურთიერთობაზე. ამასთან, ნანიკაშვილი საკრებულოს წევრია ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტიიდან.
იგი დაინიშნა შთამბეჭდავ ცერემონიაზე, რომელიც გაიმართა აშდოდის საკრებულოში აშდოდის მერის, მერის მოადგილეებისა და ქალაქის ქართული თემის მაღალი რანგის მოღვაწეების თანდასწრებით. ქართულმა სათვისტომომ მიიღო აღიარება მთელი ქალაქისთვის შეტანილი წვლილისთვის.
იეჰუდა ნანიკაშვილი დაახლოებით 20 წელზე მეტია, რაც მოხალისედ ეწევა საზოგადოებივ საქმიანობას, ქმნის კავშირებს, ხელს უწყობს ახალგაზრდობასა და კულტურას, არის ქველმოქმედი. ის წარმოშობით საქართველოდანაა.
აშდოდის ქართული კულტურის ცენტრის ახალი ხელმძღვანელი ამბობს, რომ საქართველოსთან მჭიდრო უფრთიერთობების დამყარება აქვს გადაწყვეტილი. აქვს უამრავი გეგმა, რომლის განხორციელებასაც აპირებს. მისი თქმით, პროექტები ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის, ისრაელისა და საქართველოს, მჭიდრო დამეგობრებას, ინტეგრირებასა და ურთიერთობას.
რა პროგრამებზეა საუბარი? რა პროექტები იგეგმება და როგორია სამომავლო ხედვები? _ გთავაზობთ „ქრონიკა+“-ის ექსკლუზიურ ინტერვიუს იეჰუდა ნანიკაშვილთან, რომელიც ჩავწერეთ ქნესეთში (ისრაელის პარლამენტი, _ რედ.), იერუსალიმში:
_ ბატონო იეჰუდა, წარმოშობით საქართველოდან ხართ, პირველ რიგში, მოგვიყევით თქვენს ოჯახზე.
_ წარმოშობით საქართველოდან ვარ, კერძოდ, კულაშიდან, ერთი ბაბუა საჩხერიდან იყო, მეორე ბაბუა სამეგრელოდან. ბებიები ორივე კულაშიდან იყვნენ. საქართველოში ხშირად დავდივარ, მიყვარს უზომოდ იქაურობა. მაქვს კარგი კავშირები, კონტაქტები და თბილი ურთიერთობა.
ასევე ჩამოვდივარ ხოლმე საქმიანადაც, ოფიციალურ ბიზნესშეხვედრებსა თუ დელეგაციებით. ამ ეტაპზე დაინტერესებული ვარ კავშირების გაძლიერებებით ორ ქვეყანას შორის. 9 წლის წინათ საქართველოში დელეგაციით ვიყავი, მაშინ მოვაწერეთ ხელი ისრაელსა და საქართველოს პარლამენტებს შორის ურთიერთობებს. ეს არ არის პერსონაზე გათვლილი საქმე, ეს გრძელდება ქვეყნებსა და პარლამენტებს შორის მუდმივად, რაც მნიშნველოვანი საფუძველია კავშირებისთვის!
_ თქვენი ამჟამინდელი საქმიანობის შესახებ მოგვიყევით, როგორც ვიცი, სულ ახლახან დაინიშნეთ აშდოდის თემის ხელმძღვანელად.
_ აშდოდის თემის ხელმძღვანელი და ქართველ-ებრაელთა კულტურისა და მემკვიდრეობის ცენტრის დირექტორი გავხდი. ვარ პარტია „ლიკუდის“ წევრი. ვართ და ვმოქმედებთ პოლიტიკურ ასპარეზზეც. ვზურნავთ თემზე, ვავითარებთ კულტურულ პროექტებს, ხელს ვუწყობთ ახალგაზრდებს, საზოგადოებას. ვნიშნავთ სტიპენდიებს, ვეხმარებით ახალგაზრდებს, სტუდენტებს, მოქალაქეებს, ქართველ ებრაელებს. თემი შეიქმნა 1980 წელს აშდოდში, პატივცემული ეფრაიმ გური იყო ქალაქის მერის მოადგილე მაშინ, ჩვენ ახალგაზრდები ვიყავით და მხარი დავუჭირეთ, რომ თემი წაწეულიყო წინ. მას შემდეგ თემზე ვზრუნავთ.
_ საქართველოსთან მიმართებით როგორია თქვენი აქტიურობა?
_ კულტურული, შემეცნებითი, სპორტული თუ პოლიტიკური კუთხით ხიდს ვაშენებ სქართველოსა და აშდოდს შორის. ვცდილობ, ამ ორ უძველეს, ტრადიციულ და ღირსეულ ქვეყანას ჰქონდეთ კარგი კავშირები, სითბო და ურთიერთობა. საქართველოდან ჩამოგვყავს მომღერლები, ხელოვანები, კულუტურული სფეროს წარმომადგენლები. ხელს ვუწყობთ მათ პოპულარიზაციას, ჩართულობასა და აქტიურობას აშდოდში ისრაელის მიწაზე. ბოლოს ოქტომბერში გვყავდა ქართველი მომღერლები ჩამოყვანილი.
_ როგორ არჩევთ ქართველ მომღერლებს, რომლებიც ჩამოგყავთ ისრაელში?
_ გვაქვს რამდენიმე პარამეტრი: პირველი და მთავარია ისრაელისადმი სიყვარული და სოლიდარულობა. ეს საკითხი 2023 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ ძალიან აქტიურია. ბევრი რაღაც მიზეზების გამო თავს იკავებს და ისრაელს ამ ბარბაროსული ტერორისტული თავდასხმის ფონზე სოლიდარობასაც კი არ უცხადებს. ეს საკითხი გააქტიურდა და ამას რეალურად განვიხილავთ ჩვენც.
_ რა კონკრეტული გეგმები გაქვთ საქართველო-ისრაელის სამომავლო ურთიერთობებისთვის?
_ უამრავი კარგი პროგრამა და გეგმა გვაქვს. პროგრამებზე ახლაც აქტიურად ვმუშაობთ და მალე დავიწყებთ მათ რეალობაში მოჰყვანას: ეს მოიცავს, მაგალითად, უნივერსიტეტებს შორის ურთიერთობებს, მედიცინის სფეროში ურთიერთობებს. ამ კუთხით დავიწყებთ კავშირებს, გაცვლით პროგრამებს, გადამზადებებს, მიმოსვლას. ეს დიდი შანსი და გამოწვევა იქნება. რაც მთავარია, შესაძლებლობა ორივე ქვეყნისთვის, ორივე ერისთვის. ისრაელისა და საქართველოს ბედი ერთნაირია. პატარები და ძველი ვართ, დიდი ისტორია გვაქვს. ორივე ვიმსახურებთ ბედნიერ და ნათელ მომავალს. გამარჯვება ისარელს, გამარჯვება საქართველოს!