„სახელმწიფო, რომელიც უსაფრთხოების გამო შესწირავს თავმოყვარეობას, მასაც დაკარგავს და ომსაც მიიღებს“
„სახელმწიფო, რომელიც უსაფრთხოების გამო შესწირავს თავმოყვარეობას, ის მასაც დაკარგავს და ომსაც მიიღებს“, _ ასე აფასებს „აზოვის“ ქართველი გმირი, გიორგი ქუფარაშვილი, საქართველოში რუსების მასობრივ შემოსვლას.
ქუფარაშვილი დღეს უკრაინის ფრონტზე ორი უმნიშვნელოვანესი მიმართულების კურატორია. სწორედ ის არის ჩართული საბრძოლო ოპერაციების დაგეგმვასა და პირადი შემადგენლობის მომზადება-შევსებაში _ იმ ძირითადი ქვედანაყოფების, როგორიც არის „აზოვის“ ბრიგადა, მესამე მოიერიშე ბრიგადა და სხვა ტაქტიკური დაჯგუფებები.
„ქრონიკა+“-ისთვის ჩემ მიერ მომზადებულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ქუფარაშვილმა უკრაინაში რუსეთის ომის ანალიზი გააკეთა, მიმოიხილა ფრონტზე არსებული მდგომარეობა და საკუთარი პროგნოზები გაგვანდო.
საუბარი შედგა თურქეთიდან ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ უკრაინაში წაყვანილ „აზოვის“ გმირებზეც, რომლებიც რუსული ტყვეობის შემდეგ ერდოღანის შუამდგომლობით თურქეთის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ. ქუფარაშვილის თქმით, სამშობლოში მათმა დაბრუნებამ მოტივაცია და სტიმული გაზარდა.
მარიუპოლის მცველი და ლეგენდად ქცეული „აზოვის“ დამფუძნებელთაგანი, გიორგი ქუფარაშვილი, ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც პუტინის აგრესიულ ომს შეებრძოლა. მისმა და არაერთმა აზოველმა გმირული შემართებითა და ბრძოლით რუსეთის არმიის უძლეველობის შესახებ მითები დაამსხვრიეს. 2022 წლის 17 მარტს სასტიკი ბრძოლისას ქუფარაშვილი დაიჭრა. დიდი რისკის ფასად უკრაინელმა მფრინავებმა იგი ალყაშემორტყმული აზოვსტალიდან გაიყვანეს და გადაარჩინეს. ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი ქუფარაშვილი იბრძოდა საქართველოსთვის, არის საერთაშორისო სამშვიდობო, ერაყისა და კოსოვოს მისიების მონაწილე. ის იყო საქართველოს მესამე პრეზიდენტის, ახლა კი „ოცნების“ პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის მცველი.
ბოლოს „ქრონიკა+“ ქუფარაშვილს კიევში შეხვდა გასული წლის აპრილში. მაშინ მას ოპერაცია ახალი გაკეთებული ჰქონდა და რეაბილიტაციის კურსს გადიოდა. ახლა მასთან ექსკლუზიური ინტერვიუ დისტანციურად ჩავწერეთ:
გიორგი, რა ვითარებაა ფრონტზე? სად არის ყველაზე ცხელი წერტილები?
_ ამ მომენტისთვის რთულია პასუხი, რადგან მთელი ფრონტის ხაზზე მძიმე ვითარებაა და ყველგან ბრძოლები მიდის, მაგრამ ამ ეტაპზე განსაკუთრებული ყურადღება სამ მიმართულებაზე გვაქვს: ეს არის ბახმუტის გარშემო ბრძოლები სამი დასახლებული ადგილის ასაღებად, ბახმუტის სამხრეთით მდებარეობს კლიშეევკა, სადაც, ფაქტობრივად, ერთი ქუჩაა დარჩენილი, რასაც რუსები აკონტროლებენ, ასევე ანდრეევკა, მანდაც იგივე სიტუაცია არის და კურინოვკა. ეს რაც შეეხება ბახმუტის სამხრეთ მიმართულებას, რაც გამოიწვევს იმას, რომ როცა ავიღებთ მას, ბახმუტი დასავლეთიდან, სამხრეთიდან მთლიანად მოჭრილი იქნება, ასევე ჩრდილო-დასავლეთ მიმართულებაზეც იგივე ვითარებაა;
მეორე მიმართულება არის კრიმინოი-ლემანი, სადაც, სავარაუდოდ, რუსები ახლა ახდენენ თავიანთი ძალების კონცენტრირებას. ეს იქნება ძირითადი მიმართულება, სადაც რუსები შეეცდებიან, გაჭრან, გაარღვიონ. საკმაოდ მძიმე ვითარებაა მანდ;
მესამე მიმართულებაა ზაპოროჟიის მხარეს.
როგორ მიმდინარეობს კონტრშეტევა? ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ პატარ-პატარა მიღწევებს და წარმატებებს. ალბათ, დიდი სიურპრიზები ჯერ წინ არის?
_ სწორად რომ ავხსნათ, ასეთი ვითარებაა: კონტრშეტევა დაწყებულია საკმაოდ დიდი ხანია, მაგრამ კონტრშეტევას აქვს თავისი ეტაპები. საკმაოდ მძიმე ბრძოლები მიდის, ამიტომ ზოგმა ქვედანაყოფმა, მაგალითისთვის, შეიძლება წაიწიოს 500 მეტრით, ზოგმა კილომეტრით, მაგრამ ასე რომ ვთქვათ, 10 კილომეტრით შევარდეს, საკმაოდ რთული არის, მაგას სრულმასშტაბიანი კონტრშეტევა სჭირდება.
წარმატებები არის, გარკვეულ მიმართულებებზე ყოველდღიურად წინ მივიწევთ. საკმაოდ რთული პროცესია, რადგან რუსებს გარკვეული პერიოდი ჩაუვარდათ, იმიტომ, რომ გამოელიათ საბრძოლო მასალა, სხვა ტექნიკური საშუალებები, მაგრამ როგორც ახლა ვატყობთ, იმატა ტექნიკური საშუალებების გაზრდამ, როგორიც არის კამიკაძე დრონები და უპილოტო საფრენი აპარატები, ასევე გაიზარდა არტილერიის ჭურვები. ეს, ძირითადად, მიიღეს, როგორც ჩვენ ვხედავთ, ჩრდილოეთ კორეიდან ან ჩინეთიდან და ირანიდან. ანუ გარკვეულად შეავსეს შეიარაღება.
ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს მარიუპოლში აზოვსტალის გმირები. თქვენი და არაერთი აზოველის წყალობით ბოროტების იმპერიის მითი უძლეველობის შესახებ დაიმსხვრა. დღეს როგორ აფასებთ რუსეთის საბრძოლო უნარიანობას?
_ რუსეთის საერთო საბრძოლო უნარიანობა უკვე დაცემულია. დიდი შეზღუდვები აქვს, აღარც ტექნიკური შესაძლებლობები გააჩნია. ფაქტობრივად, თავისი საბრძოლო მარაგები რაც ჰქონდა, გამოელია, მაგრამ მაინც ახერხებს, _ საბრძოლო მასალებს ყიდულობენ ირანიდან, ჩინეთიდან და ჩრდილოეთ კორეიდან, მაგრამ ესეც გარკვეული რაოდენობაა. საბრძოლო უნარიანობა აშკარად ეტყობა, რომ დაცემული არის. ახლა გახლავთ ის მომენტი, თუ ვინ გაუძლებს, _ აქ უკვე არის რესურსების ჭიდილი. რუსეთი ცდილობს მიაღწიოს ზამთრის პერიოდს, რადგან ამ დროს დაეცემა აქტიური ფაზა, ოდნავ შენელდება. ცდილობს, სადღაც დეკემბრამდე გაჭიმოს, ეს დრო როგორმე მოიგოს. შემდეგ ისევ გადავა თავდაცვის პოზიციებზე და გაზაფხულამდე ისევ მოემზადება, ვთქვათ, შეიძენს ან აწარმოებს. როდესაც რუსები აქ უტევენ და არ გამოსდით, იმიტომ რომ არ გააჩნიათ ის ტექნიკური საშუალებები, მასობრივად იწყებენ უკრაინის დაბომბვას, იგივე რაკეტებით, ისკანდერის, კალიბრის ტიპის რაკეტებით. რა თქმა უნდა, დასავლეთიდან მიღებული სისტემები ერევა ამას, გარკვეულწილად, 15- დან 12-13-ს ვაგდებთ. მაგრამ, სამწუხაროდ, რამდენიმე მაინც აღწევს. ჯერ იყენებენ შაჰიდს, 15 შაჰიდი მოფრინავს, რომ უკრაინელებმა მათზე გახარჯონ საბრძოლო მასალა, მერე მოყვება სტრატეგიული რაკეტები. კალიბრი, ისკანდერი და ა. შ. სამწუხარო ისიცაა, რომ მიზანს ვერ აღწევენ და სამოქალაქო ობიექტებს ახვედრებენ. რუსეთს არასდროს აინტერესებდა, რაკეტა ვის მოხვდებოდა, მაგრამ ფაქტია, რომ ცდილობს, მაქსიმალურად მიაყენოს ზიანი სამოქალაქო ნაგებობებს.
მოკლედ რომ შევაჯამოთ, აშკარად ჩანს, რომ ეს ყველაფერი დღეს შესუსტებული არის რუსეთის მხრიდან, მაგრამ ხვალ შეიძლება გაიზარდოს, _ ის მუდმივ ძიებაშია საბრძოლო მარაგისა თუ პირადი შემადგენლობის.
მოტივაციის კუთხით როგორი ფონია რუსულ მხარეს?
_ როგორც ვთქვით, ტექნიკური საშუალება, საბრძოლო მანქანები, ტანკები, შეიარაღება შესუსტებულია, პირადი შემადგენლობის მხრითაც, რაც შეეხება მოტივაციას, ტყვეებს როცა ვიყვანთ, ადრე თუ იბრძოდნენ ბოლომდე, ახლა უცბად ნებდებიან, სურვილი არ აქვთ, თავი მოიკლან დიდი რუსეთისთვის. კონტინგენტსაც ეტყობა, რომელსაც ტყვედ ვიყვანთ, ის აშკარად განსხვავდება შარშანდლისგან, ეს არის აბსოლუტურად მოუმზადებელი და მორალურად არამოტივირებული ხალხი.
როგორია უშუალოდ თქვენი ჩართულობა ამ ეტაპზე პროცესებში? რას აკეთებს ახლა გიორგი ქუფარაშვილი იმისთვის, რომ პუტინის რეჟიმი უკრაინის ომში დამარცხდეს?
_ ამ მომენტისთვის ორი ძირითადი დავალება მაქვს: ეს არის მონაწილეობა საბრძოლო ოპერაციების დაგეგმარებაში და პირადი შემადგენლობის მომზადება, შევსება, _ იმ ძირითადი ქვედანაყოფების, როგორიც არის „აზოვის“ ბრიგადა, მესამე მოიერიშე ბრიგადა და სხვა ტაქტიკური დაჯგუფებები.
რა სჭირდება უკრაინას პოზიციების გასამყარებლად და ომის სწრაფად მოსაგებად? ანუ ომი კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდება პროგნოზირებთ?
_ ომის სწრაფი მოგება ასე უცბად, სამწუხაროდ, არ იქნება, მაგრამ, პირველ რიგში, საჭიროა შეიარაღება შორი მანძილის რაკეტებით, მძიმე ტექნიკით უზრუნველყოფა და, რა თქმა უნდა, ავიაცია.
ანუ დიდხანს გაგრძელდება ომი?
_ მარჩიელობასავით რომ არ გამომივიდეს, _ აი, მომვალში ვხედავ, რომ ომი მთავრდება და რაღაც, ასე არ არის, მკითხავი არ ვარ (იცინის). ყველაფერი შესაძლებელია, ეს დამოკიდებულია რესურსებზე, პოლიტიკურ ზეგავლენაზე, საერთაშორისო წნეხზე, სანქციებზე და ა. შ. ჩემი აზრით, ომი კიდევ გაგრძელდება, მინიმუმ, წელიწადი, წელიწად-ნახევარი. შეიძლება ცოტა მეტიც. მაგრამ დიდ გავლენას იქონიებს არჩევნები შტატებში და დასავლეთის პოზიციაც, იმიტომ, რომ ხანგრძლივი ომი არავის აწყობს.
ანუ პოლიტიკური როლი მნიშვნელოვანია?
_ პირველ რიგში, უმთავრესია საერთაშორისო მხარდაჭერა და პოლიტიკური როლი და შეიარაღება. რუსეთთან მოლაპარაკებებზე დაჯდომა არც ღირს, _ ნახეთ, ხორბლის შეთანხმება გააუქმა, იქიდანაც გამოვიდა სულ ცოტა ხნის წინ. მასთან მოლაპარაკებას აზრი არ აქვს. რომ დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან უკრაინა, რა უნდა შესთავაზოს, რომ უკრაინას ტერიტორიების ნაწილი დაუტოვოს? ეს უკრაინელი ხალხისა და სახელმწიფოსთვის სრულიად მიუღებელია, ამაზე საუბარი არც კი შეიძლება იყოს. თუმცა გამარჯვებულის პოზიციიდან მოსაუბრე ადამიანის პოზიცია უკვე სხვა არის. ამისთვის საჭიროა მტკიცე საერთაშორისო მხარდაჭერა და ტექნიკითა და საბრძოლო შეიარაღებით აღჭურვა, რათა უკრაინა გამარჯვებულის პოზიციიდან ალაპარაკდეს უფრო მყარად.
რამდენად მნიშვნელოვანია უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის კონტრაქტივობები ყირიმის ნახევარკუნძულზე? ეს ბოლო პერიოდში უფრო აქტიური გახდა. რა როლს თამაშობს ომში ყირიმის კონტრშეტევები?
_ ეს წერტილოვანი დარტყმები რაც ხდება, არის მაღალი ფასეულობის მიზნებზე დარტყმა. ეს არის ოპერატიული და სტრატეგიული მნიშვნელობის ოპერაციები, რაც სამომავლოდ უქმნის პლაცდარმს არა მარტო ყირიმის დაბრუნებას, არამედ თვითონ კონტინენტზე ოპერაციების წარმატებით შესრულებას. თუ გახსოვთ, რუსებს იქ ავიაციის ბაზა ჰქონდათ, რაზეც შარშან თავდასხმა მოხდა და განადგურდა. ასევე ახლა შეიყვანეს, დაამატეს ახალი შაჰიდების ასაფრენი აეროდრომი. ფაქტობრივად, ყირიმისა და რუსეთის შემაერთებელი ხიდის განადგურება გამოიწვევს მთლიანად ყირიმის მოჭრას და იქ ჩარჩენილ შეიარაღებულ ძალებს ვეღარსად წაიყვან. ერთადერთი, სახმელეთოთი შეიძლება გაასწრო, ისევ მელიტოპოლის, ბერდიანსკის, მარიუპოლის გზით. ეს დარტყმები ყირიმზე წარმატებებს შეუქმნის სამხედრო თვალსაზრისით უკრაინას და იმასაც შეძლებს, რომ აკვატორიაზე ნელ-ნელა კონტროლის აღდგენა შეძლოს.
მოსკოვზე დრონების შეტევებზეც უნდა გკითხოთ. რა მესიჯია ეს მსოფლიოსა და თავად დიქტატორი პუტინისა და კრემლისთვის, თუნდაც თავად რუსი ხალხისთვის?
_ ეს შეტევები არა მარტო სამხედრო თვალსაზრისით, არამედ პოლიტიკურადაც მნიშვნელოვანია. ასე მარტივი არ არის, რომ კიევი ბომბონ, უკრაინის ქალაქები და სოფლები, სამოქალაქო ობიექტები ბომბონ _ ეს არის პასუხი, როგორც სპეცსამსახურების, ასევე შეიარაღებული ძალების, ეს იმას ნიშნავს, რომ უკრაინას აქვს შესაძლებლობა, თავად რუსეთის ტერიტორიაზე ძალები და საშუალებები ჰყავს, რომ განახორციელოს ეს ოპერაციები დრონებით. მაგრამ უკრაინა აჩვენებს, რომ ზომიერად იმოქმედოს, ისე არა, როგორც რუსები აკეთებენ. ის, რაც რუსეთში ხდება, არა მარტო უკრაინიდან გაშვებული რაკეტა თუ საფრენი აპარატია, არამედ თავად რუსეთში არის უკვე აგენტურული ქსელი, რუსი ქვედანაყოფები, იქაც არის საღად მოაზროვნე ხალხი, რომელიც ამაშია ჩართული და წინააღმდეგია პუტინის სისტემისა და ომის.
უკრაინას შორი მანძილის რაკეტები აქვს? ითქვა, რომ უკრაინამ დაიწყო ახალი წარმოება ამ ტიპის აღჭურვილობისა თუ ტექნიკის.
_ უკრაინამ დაიწყო შორი მანძილის რაკეტების ახალი წარმოება. მაგრამ აქ მარტო მანძილზე არ არის, ბევრი დეტალი და ნიუანსია. წარმოება კი დაიწყო, აქვს რაღაცები, მაგრამ იმ მასშტაბისა და რაოდენობის, რაც საჭიროა, ჯერ არ აქვს.
დრონების ჩართულობა ომში რამდენად მნიშვნელოვანია? თანამედროვე ომს დრონების ომსაც უწოდებენ…
_ ახალი ეპოქა დაიწყო, ფაქტობრივად. ეს დრონების ეპოქა, ახალი განზომილებაა, ერთ-ერთი მიმართულება შეიქმნა. ამის მაგალითი და დამწყები იყო აზერბაიჯანი, რომელმაც მასობრივად და ეფექტიანად გამოიყენა დრონები და უკრაინის ომში ეს უფრო დაიხვეწა და განვითარდა.
_ „აზოვის“ გმირებზე გკითხავთ, _ ზელენსკიმ ისინი, ყველასთვის გასაკვირად, თურქეთიდან თავად წამოიყვანა, რითაც რუსეთ-თურქეთის შეთანხმებაც კი დაირღვა. როგორ არიან ბიჭები დღეს? ნახეთ ისინი? ისაუბრეთ? რა ტიპის უშუალო კონტაქტი გქონდათ მათთან?
_ კი, რა თქმა უნდა, ბიჭები, როგორც კი ჩამოვიდნენ, შევხვდი მათ, ძალიან გამიხარდა, მათაც გაუხარდათ, დღესაც ერთად ვართ, ვმუშაობთ, ჩართულები არიან პროცესში. „აზოვის“ ბიჭების წამოყვანა იყო დიპლომატებისა და პოლიტიკოსების შრომა. როცა შენს სახელმწიფოს ყოფნა-არყოფნის ეგზისტენციალური ვითარება აქვს, იქ საერთოდ აღარანაირი შეთანხმებები არ მაინტერესებს. იგივეა ახლა, ჩემს საქართველოს რამე რომ დაემართოს, რა მნიშვნელობა აქვს, მტერი ეშმაკი იქნება, მგელი თუ მგლისფერი ძაღლი, ყველანაირი შეთანხმება ანულირდება, აქ ქვეყნის არსებობაზეა საუბარი და ბოლომდე ბრძოლაზე. „აზოვის“ დაბრუნებამ გაზარდა მოტივაცია პირად შემადგენლობაშიც.
პრიგოჟინისა და „ვაგნერის“ ამბებზეც გკითხავთ. მითია თუ რეალობა? – „ვაგნერის“ იმიჯი ბოლოს ძალიან შელახული იყო. ამან, ალბათ, ფაქტობრივად, სულ გაანადგურა ის?
_ „ვაგნერი“ შეიქმნა „აზოვის“ საპირწონედ. „ვაგნერი“ იყო ყველაზე ეფექტიანი ქვედანაყოფი. ის, რაც „ვაგნერმა“ გააკეთა, დადგმა იყო თუ აჯანყება, ძნელია ამის თქმა, მაგრამ ეს თუ სინამდვილე იყო და არა თამაში, მაშინ ეს იყო აბსოლუტური უვიცობა. როცა აკეთებ სამხედრო გადატრიალებას თუ რევოლუციას, მას მხოლოდ ერთადერთი კანონი და წესი აქვს. თუ იწყებ, უნდა მიიყვანო ბოლომდე, წინააღმდეგ შემთხვევაში, შენ არანაირი მომავალი არ გაქვს. პირდაპირი გაგებით, არ გაცოცხლებენ. ისტორიას არ ჰქონია ასეთი მომენტები, რომ ვინმეს აჯანყება, რევოლუცია წამოეწყოს და მერე ეპატიებინოთ. მით უფრო, პუტინთან მიმართებით. როგორ წარმოედგინა პრიგოჟინს, რომ თუ გათამაშება არ იყო, პუტინს სილა გააწნა და იმან ჩაყლაპა და აპატია? ამას არცერთი თავმოყვარე ქვეყანა აპატიებდა და მით უმეტეს, პუტინი.
მითი რაში აწყობთ, რომ ვითომ ჩამოაგდეს? _ მგონია, რომ ნამდვილად ჩამოაგდეს. რა პრობლემა არის პრიგოჟინის განადგურება, როცა შუაგულ ინგლისში თავის აგენტებს მომწამლავი ნივთიერებებით კლავენ?! საკუთარ ტერიტორიაზე ბესლანი ავიღოთ, მოზდოკი ავიღოთ, ბავშვები ჩახოცეს, ეს არ ყოფილა მათთვის დიდი პრობლემა და პრიგოჟინი რა სალაპარაკოა?
პუტინს თავი წარმოუდგენია იმპერატორად და მიწების გამაერთიანებლად, ეგი ყველაფერზეა წამსვლელი, რომ რაც აქვს შეინარჩუნოს. მაგრამ ყველაფერი რომ შევაჯამოთ, პუტინს დამატებითაც შეერყა პოზიციები.
წეღან თქვით, რომ ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანები იყვნენ ვაგნერელებიო. ამ ფონზე გკითხავთ კადიროველებზე, ეფექტიანები არიან, რეალურად, სამხედრო კუთხით? ეს კადიროველები მართლა ტიკ-ტოკ მეომრები არიან?
_ „ვაგნერი“ ორ ნაწილად გაიყო: ეს იყო „ვაგნერის“ მუდმივი ქვედანაყოფები, ყველაზე ბრძოლისუნარიანები და მეორე იყო საზარბაზნე ხორცი _ ციხიდან გამოყრილი პატიმრები. პატიმრებზე ხდებოდა ცოცხალი ძალის მოსუსტება, მერე მუშაობდა მისი სპეცქვედანაყოფი, საკმაოდ ძლიერი სპეცქვედანაყოფი ჰყავდა.
რუსეთის არმიაში, ვინც კი ოფიცერი, რიგითი, სერჟანტი იყო და ნახა, რომ ჯარის რუსული სისტემა არ მოქმედებს, გულდაწყვეტილი, გადაგდებული, მოშორებული ოფიცრები, სამხედრო მოსამსახურეები აქ ხედავდნენ სამოთხეს, მათ შესთავაზეს კარგი ანაზღაურება და ის, რაც შენ გიყვარს, შენი პროფესია და ბრძოლა გინდა და ა. შ. აჰა, ბატონო, მოდი და გააკეთე. ეს დიდი მოტივაცია იყო. ჩვენ მათთან შერკინებაში საკმაოდ მძიმე დანაკარგები გვქონდა, მძიმე იყო მათთან მუშაობა, როგორც ჩვენი, ასევე მათი მხრიდან, რთული იყო გაგება, თუ რას მოიმოქმედებდნენ, რადგან არაკლასიკური სამხედრო წესდებით მოქმედებდნენ. შედარებისთვის: როდესაც ჩვენ წინაშე იყო 30-ე და 72-ე სადესანტო მოიერიშე ბრიგადები, ისინი წესდებით იბრძოდნენ კლასიკურად. ის არ შეაკლავს თავს, დაიბომბება, წნეხი იქნება და კონტრაქტორი უკან იხევს, არ უღირს თავის მოკვლა, მოტივაცია სხვა არის. იქ მოტივაცია უფრო ძლიერი აქვთ, დიდი განსხვავება არის.
რაც შეეხება კადიროველებს, არიან ისეთები, რომლებიც იბრძვიან, მაგასაც ვერ დაუკარგავ, მაგრამ არიან ძირითადად ისეთები, რომლებსაც ტიკტოკერებს უწოდებენ.
საქართველოში არსებულ ვითარებაზეც გკითხავთ, _ პოლიტიკური ფონი ძალიან მძიმეა, როგორ ფიქრობთ, ამდენი რუსის შემოშვება ქვეყანაში რამდენად რისკის შემცვლელია?
_ რისკის შემცვლელი ნამდვილად არის, იმიტომ რომ სცენარის გათამაშება უფრო ადვილია. რუსეთის სპეცსამსახურებიც შემოვიდა საქართველოში, მუშაობენ, პატარა ჯგუფებიც ჰყავთ. თეორიულად, შეიძლება გაათამაშონ კიდეც, მოკლან რუსი და თქვან, აი, ჩვენი მოქალაქეების დასაცავად შემოვდივართო. რუსებს მიზეზი არ სჭირდებათ, მაგრამ ახლა რუსეთს ამ მომენტში არ გააჩნია ტექნიკური საშუალება, რომ შემოიჭრას, მაგრამ ამ ტურისტებით ბევრი რამის დაუძლურება ხდება საქართველოში, პირველ რიგში, ქართველების სიამაყე, რაც გამოგვარჩევდა. ცხელი ხაჭაპურებით სირბილია და ვაიმე, შენ გენაცვალე.
არ მახსოვს, ვისი სიტყვებია: სახელმწიფო, რომელიც უსაფრთხოების გამო შესწირავს თავმოყვარეობას, ის მასაც დაკარგავს და ომსაც მიიღებს. მგონი, ქართველები ცოტა გონს უნდა მოვეგოთ. ერთს იმას ვიტყვი, რომ დღეს ჩვენი პასიურობით, ოღონდ მე ვიყო კარგად და ჩემს დროს მშვიდობა იყოს, ომი არავის უნდა, ჩემზე უკეთესად არავინ იცის ომის საშინელება და ფასი, მაგრამ ოღონდ მე ვიყო კარგად და ჩემს დროს იყოს მშვიდობა და მერე დედაც ტირებია ყველაფერს, ჩემთვის ეს პოზიცია მიუღებელია. ე. ი., ჩემი მშობლების თაობამ თუ ვერ შეძლო, ახლა ჩემი დრო არის, რომ ვიბრძოლოთ და საჭიროების შემთხვევაში შევეწიროთ კიდეც, რომ ჩვენს შვილებს არ მოუწიოთ მერე ბრძოლა. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ და დავასრულოთ, მათ უნდა ააშენონ და ააყვავონ. მე ვიყო კარგად, გაუმარჯოს საქართველოს, ჭიქა ავწიო და ცხელი ხაჭაპური შევჭამო და შვილო, შენ რომ გაიზრდები, შენ იომე, ეს სილაჩრეა და არაკაცობაა. მოდი, მე ვიომებ, მე მოვიკლებ, მე შევეწირები, ყანწი იქნება თუ ცხელი ხაჭაპური, ეს ჩემმა შვილმა და მისმა თაობამ იგემოს.
რას ურჩევდით ქართველებს, მოსახლეობას, რომელიც უკრაინისკენაა და საქართველოს მომავალს დასავლეთს უკავშირებს?
_ საქართველო უპირველეს ყოვლისა! მაგრამ მოვუწოდებ ყველა ჩემს თანამოქალაქეს, ყველა ქართველს, რომ იბრძოლოს საქართველოს მომავლისთვის _ საქართველოს მომავალი რუსეთში არ არის, ის არის ევროპისკენ, თავის კანონიერ ადგილას, ამიტომ უნდა იბძროლოს ხალხმა, თუ საჭიროა, პირდაპირი გაგებითაც.