უკრაინიდან გროზნომდე 1500 კილომეტრია – დრონებით თავდასხმების სერია და კადიროვის შიშები
კვირას, 15 დეკემბერს დილა კადიროველებისთვის მძიმედ დაიწყო. ძლიერი აფეთქებები გაისმა გროზნოში. თავდაპირველად ამის შესახებ რუსული ტელეგრამის არხები იტყობინებოდნენ.
ჩეჩნური ოპოზიციური ტელეგრამის არხის NIYSO-ს ცნობით, თავდასხმა განხორციელდა ომონის ბაზაზე და ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მე-2 საპატრულო პოლკზე.
ჩეჩნეთის დედაქალაქის თავზე უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმის ამსახველი არაერთი ვიდეო გამოქვეყნდა სოციალურ ქსელში. გამოჩნდა კადრებიც, სადაც პირდაპირი დარტყმა ჩანს. აღსანიშნავია, რომ ჩეჩნეთში, ადგილობრივი საჯარო გვერდებიდან აქტიურად იშლება თავდასხმის ვიდეო. თუმცა, კადრები ინტერნეტში უკვე ყველგან გავრცელდა.
ვიდეოში ჩანს, რომ უპილოტო საფრენი აპარატი ერთ-ერთ შენობაში ვარდება. ძლიერი აფეთქების შემდეგ, სქელი კვამლის სვეტი ამოდის ცაში.
ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა რამზან კადიროვმა დაადასტურა, რომ 15 დეკემბერს დილით გროზნოს უკრაინული დრონები დაესხნენ თავს. კადიროვის მტკიცებით, თავდასხმაში სულ სამი უპილოტო საფრენი აპარატი მონაწილეობდა: ერთი დაეცა რუსეთის გვარდიის ახმატ-გროზნოს სპეცრაზმის ტერიტორიაზე, ხოლო დანარჩენი ორი ჩამოაგდეს საჰაერო თავდაცვის ძალებმა. კადიროვი აცხადებს, რომ არავინ დაშავებულა.
ეს არის გროზნოზე მეორე თავდასხმა ამ კვირაში. 12 დეკემბერს დრონები თავს დაესხნენ ჩეჩნეთში შინაგან საქმეთა სამინისტროს მეორე პოლკის შენობას. ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა რამზან კადიროვმა მაშინ განაცხადა, რომ ოთხი ჯარისკაცი მსუბუქად დაშავდა და შურისძიების დაიმუქრა კიდეც. ამჯერად კი მას ტონი შერბილებული ჰქონდა.
გროზნო რუკაზე
ქალაქი გროზნო ჩეჩნეთის დედაქალაქია. უკრაინიდან გროზნომდე მანძილი დაახლოებით 1500 კმ-ია, რაც ხაზს უსვამს ამ ეფექტური, მაგრამ ლეტალური მოწყობილობების გაფართოებულ წვდომას.
ჩეჩნეთის ხელმძღვანელის რამზან კადიროვის სამუშაო რეზიდენციიდან 3,7 კილომეტრში მდებარე ახმატ კადიროვის სახელობის პოლკს 4 და 12 დეკემბერს დრონებმა უკვე შეუტიეს. ოქტომბრის ბოლოს უპილოტო საფრენი აპარატი გუდერმესში ვლადიმერ პუტინის სახელობის სპეცდანიშნულების უნივერსიტეტის მთავარ შენობას დაეჯახა.
რა იქნება შემდეგი? – ამას უკრაინელები ექსკლუზიურ სიურპრიზად ტოვებენ!