უკრაინასა და საქართველოს შორის ურთიერთობები „დუღილის ნიშნულამდე“ მივიდა. ორი ქვეყანა დიპლმატიური კავშირების გაწყვეტის პირასაა. უპირველესი მიზეზი საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაა, რომელსაც უკრაინის მოქალაქეობა აქვს და 2021 წლის ოქტომბრიდან საქართველოში პატიმრობაში იმყოფება. უკრაინამ არაერთხელ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას მისი სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში გაგზავნისკენ. პრეზიდენტმა ზელენსკიმ ღიად დაადანაშაულა საქართველოს ხელისუფლება მისი მკვლელობის მცდელობაში.

3 ივლისს მიხეილ სააკაშვილმა, თებერვლის შემდეგ, პირველად მიიღო მონაწილეობა სასამართლო სხდომაში კლინიკა „ვივამედიდან“ ვიდეო ბმულით. პოლიტიკოსი უკიდურესად გამოფიტული და დასუსტებული ჩანდა. ვიდეოს ყურებისას შეიძლება წარმოიშვას ასოციაცია მეორე მსოფლიო ომის ან ბოსნიის ომის დროს საკონცენტრაციო ბანაკებში პატიმრების მდგომარეობასთან. სწორედ ასე გამოიყურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი.

„დღეს მსოფლიომ კიდევ ერთხელ დაინახა, როგორ კლავს კრემლი უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს, _ სამწუხაროდ, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების ხელით. ადამიანის სიცოცხლე უმაღლესი ღირებულებაა და არ შეიძლება, რომ მიხეილი უბრალოდ განადგურდეს“, _ ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სააკაშვილის ახალ კადრებს.

მისივე თქმით, უკრაინა აგრძელებს მოწოდებას, რომ შეწყდეს „შოუს აღსრულება“ და სააკაშვილი უკრაინას გადასცეს. ზელენსკიმ ასევე აცნობა საგარეო საქმეთა სამინისტროს მანდატის შესახებ, გამოიძახოს საქართველოს ელჩი უკრაინაში, გამოხატოს პროტესტი და შესთავაზოს უკრაინის დატოვება უახლოეს 48 საათში დედაქალაქთან კონსულტაციების გამართვის მიზნით.

„მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილის კადრები გამოჩნდა, შეუძლებელია მისი დაიგნორება. უბრალოდ, დღეს ყველაფერმა დუღილს მიაღწია, ამიტომ ჩვენ გადავდგით ასეთი მკვეთრი, მაგრამ სამართლიანი ნაბიჯი (საქართველოს ელჩისადმი უკრაინის დატოვების რეკომენდაცია, _ რედ.)“, _ განმარტა ტელემარათონის ეთერში უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა, დმიტრო კულებამ.

4 ივლისს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს ელჩ გიორგი ზაქარაშვილს მიეცა რეკომენდაცია, „დაბრუნებულიყო თბილისში კონსულტაციებისთვის არსებული სიტუაციის მოგვარების გზების მოსაძებნად“.

ეს არ იყო უკრაინის მხრიდან პირველი მკაცრი რეაქცია საქართველოს ექსპრეზიდენტის ბედთან დაკავშირებით. 2023 წლის თებერვალში ზელენსკიმ უკვე განაცხადა პრესკონფერენციაზე, რომ საქართველოს ხელისუფლება წამლავს, აწამებს და კლავს სააკაშვილს. „ვისთვის არის საქართველო დღეს, ვისთვის არის მისი ხელმძღვანელობა? ნეიტრალურია? ისინი რუსეთისთვის არიან, რადგან რუსეთი თავის პოლიტიკოსებთან ისე იქცევა, როგორც დღეს საქართველოს ხელმძღვანელობა ექცევა არა მათ პოლიტიკოსებს, სხვათა შორის, არამედ უკრაინის მოქალაქეებს“, _ განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა მაშინ.

„ქრონიკა+“-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში უკრაინის რადას დეპუტატი, ოლექსი გონჩარენკო, ამბობს, რომ საქართველოს მთავრობა აშკარად პრორუსულია, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოს დამოუკიდებლობას. ამასთან, მისი განცხადებით, უკრაინის გამარჯვება არის წინაპირობა რუსული იმპერიის დაშლის. ეს კი ავტომატურად ნიშნავს საქართველოს ტერიტორიების რუსული ოკუპაციისგან განთავისუფლებას. რა იქნება შემდეგი? რას უნდა ველოდოთ „ქართული ოცნების“ პირობებში? როგორია პროგნოზები? _ ამ და სხვა მწვავე თემების შესახებ გონჩარენკოს პოზიციას ექსკლუზიურ ინტერვიუში გაიგებთ:

ბატონო ოლექსი, როგორია დღეს უკრაინა-საქართველოს ურთიერთობა? ვხედავთ, რომ საქართველოს მთავრობა ომში მყოფ უკრაინას არ უწევს არანაირ შეღავათს, პირიქით, სიჯიუტითა და სიუხეშით, ერთგვარად, თითქოს გამიზნულად, რუსეთის თამაშს თამაშობს.

სამწუხრაოდ, უკრაინასა და საქართველოს შორის ოფიციალური ურთიერთობა არის ძალიან ცუდი. ფაქტობრივად, საუბარია დიპლომატიური ურთიერთობების გაყინვაზე, რადგან არც უკრაინის ელჩი არის თბილისში და არც საქართველოს ელჩი _ კიევში. შემდეგი ნაბიჯია დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა. ამის მიზეზი კი, მოგეხსენებათ, რომ გახლავთ საქართველოს მთავრობის პრორუსული პოზიცია. უფრო და უფრო დასანანი და გულსატკენია, რასაც ყოველდღიურად ვუცქერთ და ვიგებთ საქართველოდან. უფრო და უფრო თვალნათელი ხდება საქართველოს მთავრობის პრორუსულობა.

სააკაშვილის ქეისი ძალიან მტკივნეულია. ის უმძიმესადაა, ეს კადრებმაც გვაჩვენა. როგორც პრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვა, რუსეთი მას საქართველოს ხელისუფლების ხელით კლავს. რას ფიქრობთ თქვენ, რა შანსებია, რამდენად დამაიმედებელია სიტუაცია?

სიტუაცია სააკაშვილთან დაკავშირებით არის შესაზარი. მისი ჯანმრთელობა უფრო და უფრო მძიმდება. ეს ადამიანი უკრაინის მოქალაქეა. მე განსაკუთრებულად კარგად ვიცნობ მას, ბევრნაირი ურთიერთობა მქონდა მასთან, კარგიც და ცუდიც, მაგრამ ჩემი თვალთახედვით მას, უბრალოდ, კლავენ მთავრობის წარმომადგენლები. დიპლომატიური წნეხი უნდა გავაძლიეროთ, რათა სააკაშვილი დავიხსნათ რეჟიმის წამებისგან.

სწორედ სააკაშვილის ბოლო პროცესის შემდეგ გამოუშვით ელჩი საქართველოში კონსულტაციებისთვის. გაქვთ რამე იმედი? მოიტანს ეს კონსულტაციები შედეგებს, თუ რიგითი ფორმალურობაა?

ჩემი აზრით, ელჩის კონსულტაციები არაფრამდე მიგვიყვანს, შედეგს არ გამოიღებს.


რამდენად აქტიურად მუშაობთ, რომ საქართველოს ხელისუფლებას დაუწესდეს სანქციები დასავლეთის მიერ ან თუნდაც უკრაინის ხელისუფლება ხომ არ განიხილავს „ოცნების“ დეპუტატების დასანქცირებას?

საქართველოს მთავრობის პოზიცია არ არის სწორი. პირველი ნაბიჯი უნდა იყოს პერსონალური სანქციები. მე პირადად უკვე მივმართე პრეზიდენტს სანქციების დაწესების შესახებ, რათა კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილის, კობახიძისა და „ქართული ოცნების“ სხვა მესვეურების მიმართ პერსონალური სანქციები შემოვიღოთ. „ქართული ოცნება“ „რუსულ ოცნებად“ გადაკეთდა. სანქციების გზა მიმაჩნია აუცილებელ ნაბიჯად და ეს ნაბიჯები უნდა გადაიდგას.

რას უნდა მოველოდოთ სამომავლოდ? როგორ განვითარდება პროცესები? რა არის თქვენი პროგნოზები?

რაც შეეხება მომავალს, სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობის პოზიცია პრორუსულია. თუმცა იმედია, ეს შეიცვლება. დარწმუნებული ვარ, უკრაინის გამარჯვების შემდეგ საქართველოს მთავრობა პოზიციას შეიცვლის. უკრაინის გამარჯვება არის რუსული იმპერიის დაშლის წინაპირობა, ეს კი ავტომატურად ნიშნავს საქართველოს ტერიტორიების რუსული ოკუპაციისგან უპირობოდ განთავისუფლებას. იმედია, საქართველოს მთავრობა მაშინ მაინც შეიცვლის ორიენტაციას და აღარ იქნება პრორუსული. ცუდი სცენარია ომის გაწელვა. ამ პროცესში მეტად დამოკიდებულია საქართველოს მთავრობა რუსეთზე, მათ საქართველო უფრო და უფრო მიჰყავთ რუსეთისკენ. ეს კი ცუდი ნიშანია იმისა, რომ საქართველომ შესაძლოა, დამოუკიდებლობაც კი დაკარგოს.

პრიგოჟინის არშემდგარ აჯანყებაზეც რომ გვითხრათ თქვენი მოსაზრება.

სამწუხაროა, რომ ასე მალე დამთავრდა. იყო რეალური შანსები, რომ შტურმით აეღო მოსკოვი. ასეთ შემთხვევაში რუსეთს არ ეცლებოდა არც უკრაინისთვის და არც ქართული ტერიტორიების შევიწროების ნერვები ექნებოდა. ზოგადად კი პრიგოჟინის უდღეურმა აჯანყებამ დაგვანახა, როგორი სუსტი და მსხვრევადია ეს იმპერია.

Recommended Posts

ინტერვიუ

გსურთ, გადაიქცეთ რუსეთის ღარიბ პროვინციად, სადაც ქართველებს მხოლოდ დუმილისა და მოსკოვის მითითებების შესრულების უფლება ექნებათ ?!

მიხაილო პოდოლიაკი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ყოველდღიურად რჩევებს აძლევს. ის რეგულარულად პირდაპირ ესაუბრება საზოგადოებას, როგორც სპიკერი. რუსეთთან მოლაპარაკებების დროს ყოფილი ჟურნალისტი მნიშვნელოვანი მომლაპარაკებელი იყო კიევის მხრიდან, დავით არახამიასთან ერთად. ჩემ მიერ „ქრონიკა+“-სთვის ჩაწერილ ექსკლუზიურ ინტერვიუში 51 წლის პოდოლიაკი დეტალურად საუბრობს უკრაინის კონტრშეტევაზე, […]

Michael
ინტერვიუ

„ჯარისკაცები, რომლებმაც შლომი გადაარჩინეს, ბედნიერებისგან ტიროდნენ“, – ინტერვიუ ტყვეობისგან დახსნილი ქართველი-ებრაელის მამასთან

ისრაელის თავდაცვის ძალებმა, უსაფრთხოების სააგენტო „შინ ბეტმა“ და ისრაელის პოლიციამ შაბათს დილით (8 ივნისს) „ჰამასის“ წინააღმდეგ ღაზის სექტორში ჩაატარეს ერთ-ერთი ყველაზე გაბედული, რთული, მაღალი რისკის მქონე, მაგრამ წარმატებული ოპერაცია. ებრაელმა მებრძოლებმა  ტერორისტული ჯგუფის ტყვეობისგან ოთხი მძევალი ცოცხლად გამოიხსნეს.   მისია ჩატარდა დღისით და […]

Michael